გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის საქმეზე ბრალდებულ ექიმს 12 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

გამოქვეყნდა:

გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე ბრალდებულ ექიმს, ქეთევან ლობჟანიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით 12 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ მიიღო.

პროკურატურა ბრალდებულისთვის 15 000-ლარიან გირაოს, დაცვის მხარე კი აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

პროკურატურამ ჩარკვიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ერთ ექიმს გუშინ, 28 თებერვალს წარუდგინა.

გამოძიების მიხედვით, ექიმმა, რომლის უშუალო ჩართულობით მიმდინარეობდა მკურნალობის პროცესი, არ გაითვალისწინა პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მართვის შესაბამისი პროტოკოლი და პაციენტს მედიკამენტური მკურნალობა აუცილებელი კვლევის ჩატარების გარეშე დაუნიშნა.

ექიმს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 220 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (გულგრილობა, სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) წარედგინა, რაც 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

20 წლის ფეხბურთელი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2021 წლის სექტემბერში დაიღუპა. ექიმებმა მიზეზად კორონავირუსი დაასახელეს, თუმცა ოჯახი ამბობს, რომ საავადმყოფოში შეყვანის დროს, ახალგაზრდას ვირუსი უკვე დამარცხებული ჰქონდა.  

ოჯახმა დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაატარა, რითაც დადგინდა, რომ 20 წლის ბიჭის გარდაცვალება ზედოზირებამ გამოიწვია. საქმის მასალებით დგინდება, რომ პაციენტს 20 დღის განმავლობაში 530 ამპულაზე მეტი ფენტანილი და მიდაზოლამი გაუკეთეს, რაც ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნით სასიკვდილო დოზაა.

საქმეზე რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთანს პატიმრობა აქვს შეფარდებული. მას გამოძიება  დოკუმენტების გაყალბებას ედავება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი