"რადიო თავისუფლებამ" (RFE/RL) გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) და მის თანამდებობის პირებს, კერი ლეიკს და ვიქტორ მორალესს სასამართლოში უჩივლა, რათა დაბლოკონ რადიო თავისუფლების ფედერალური გრანტის შეწყვეტის მცდელობა.
საჩივრის თანახმად, "რადიო თავისუფლების" იმ თანხების დაბლოკვა, რომელიც კონგრესმა მისთვის გამოყო, არღვევს ფედერალურ კანონებს, მათ შორის აშშ-ის კონსტიტუციას, რომელიც კონგრესს ანიჭებს ექსკლუზიურ უფლებამოსილებას ფედერალურ ხარჯებზე. საქმე შეერთებული შტატების კოლუმბიის ოლქის სასამართლოში განიხილება.
"ახლა იმის დრო არაა, რომ ადგილი დავუთმოთ ამერიკის მოწინააღმდეგეთა პროპაგანდას და ცენზურას. ჩვენ გვჯერა, რომ კანონი ჩვენს მხარეზეა და მთელ მსოფლიოში დესპოტების მიერ ჩვენი აღსასრულის ზეიმი ნაადრევია", - თქვა რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა სტივენ კაპუსმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც რამდენიმე ფედერალურ სააგენტოს არ დაევალება იმ საქმიანობის გაგრძელება, რომელიც განსაზღვრული არ არის. ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ, USAGM-ის რესურსების შეზღუდვაზე, "ამერიკის ხმის" თანამშრომლები ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვეს, "რადიო თავისუფლებას" გრანტები შეუწყდა.