ირაკლი რუხაძემ ინგლისის უზენაეს სასამართლოში დავა წააგო და $170 მლნ-ის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა

გამოქვეყნდა:

2025 წლის 19 მარტს ინგლისისა და უელსის სასამართლოს უზენაესმა პალატამ ძალაში დატოვა 2023 წლის 21 მარტის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი, რომელმაც თავის მხრივ უცვლელად დატოვა 2022 წლის 25 ივლისის განაჩენი, რომელიც მას და მის ბიზნესპარტნიორებს - ბენჟამენ მარსონსა და იგორ ალექსეევს მრავალმილიონიანი კომპენსაციების გადახდას აკისრებს კომპანიების Revoker-ისა და Recovery Partners-ის მიმართ. აღნიშნულ საქმეზე ირაკლი რუხაძემ ინგლისის სასამართლოში დავები წააგო 2021 და 2018 წელსაც. ინფორმაციას ინგლისისი უზენაეს სასამართლოზე დაყრდნობით  BM.GE ავრცელებს.

მთლიანობაში ირაკლი რუხაძისა და მისი ბიზნესპარტნიორების მიერ გადასახდელი კომპენსაცია დარიცხული პროცენტისა და იურიდიული ხარჯების ანაზღაურების გათვალისწინებით უკვე 170 მილიონ დოლარს აღემატება. საქმეზე 2021 წელს მიღებული განაჩენით, რუხაძის აქტივების ნაწილი დაყადაღებულიც იყო.

საქმე ჯერ კიდევ 2018 წლის ნოემბერში მიღებულ განაჩენს უკავშირდება, რომლითაც ინგლისის სასამართლომ დაადგინა, რომ რუხაძემ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა ჩაიდინეს “კომერციული შეთქმულება”, რომლის შედეგადაც კომპანიებმა, Recovery Partners GP Limited-მა და Revoker LLP-მა “მილიარდიანი პროექტის” განხორციელების შესაძლებლობა დაკარგეს.

საუბარია ბადრი პატარკაციშვილის მრავალ მილიარდიან აქტივებზე, რომლის მართვასაც ბიზნესმენის გარდაცვალებამდე პატარკაციშვილის მთავარი ფინანსისტი იუჯინ ჯაფი და კომპანია Salford Capital Partners International-ი ახორციელებდნენ. ირაკლი რუხაძე წლების განმავლობაში ამ საინვესტიციო კომპანიაში მუშაობდა და მის მიმართ, როგორც მაღალი რგოლის მენეჯერს, ფიდუციარული ვალდებულებები გააჩნდა. კომპანიები Recovery Partners GP Limited და Revoker LLP სწორედ Salford Capital Partners International-ის მიერ იყო დაფუძნებული და ამ კომპანიებს მილიარდერ ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, მისი აქტივების მოძიების, აღდგენისა და რეაბილიტაციის, შემდგომ კი მოგებიანად მართვის პროექტი უნდა განეხორციელებინათ, თუმცა აღნიშნული შესაძლებლობა საბოლოოდ დაკარგეს, რაც ირაკლი რუხაძის და მისი ბიზნესპარტნიორების მიერ განხორციელებულ ქმედებებს უკავშირდებოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი