ვინ არის ექრემ იმამოღლუ | სტამბოლის დაპატიმრებული მერი, რომელიც ერდოღანის მთავარ მეტოქედ განიხილება

გამოქვეყნდა:

19 მარტს, დილით, თურქეთის ხელისუფლებამ კორუფციისა და ტერორისტული ორგანიზაციის დახმარების ბრალდებით სტამბოლის ოპოზიციონერი მერი ეკრემ იმამოღლუ დააკავა. ექრემ იმამოღლუ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარ კონკურენტად ითვლება. იმამოღლუსთან ერთად დაკავებულია ასამდე ადამიანი.

სტამბოლის პროკურატურის ინფორმაციით, იმამოღლუს წინააღმდეგ ორი საქმეზე მიდის გამოძიება. პირველ საქმეში იმამოღლუს ბრალად ედება დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა, ქრთამის აღება და ტენდერების გაყალბება. მასთან ერთად დაკავებულ 100 ადამიანს შორის არიან ჟურნალისტები და ბიზნესმენები. ისინი ეჭვმიტანილები არიან მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ზოგიერთ ტენდერთან დაკავშირებულ დანაშაულებრივ საქმიანობაში. მეორე საქმეში იმამოღლუ და კიდევ ექვსი ადამიანი ეჭვმიტანილია ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) დახმარების გაწევაში. PKK  თურქეთში, აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული.

ექრემ იმამოღლუმ დაკავებამდე სოციალურ ქსელ X-ში მიმართვა გაავრცელა და დაწერა, რომ აპირებს გააგრძელოს ბრძოლა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებებისთვის.

"ხალხის ნება არ შეიძლება ჩაახშო დაშინებით ან უკანონო ქმედებებით. მე მტკიცედ ვდგავარ და ვენდობი არა მხოლოდ სტამბოლის 16 მილიონ ადამიანს, არამედ თურქეთის 86 მილიონ მოქალაქეს, ისევე როგორც ყველას, ვინც მხარს უჭერს დემოკრატიას და სამართლიანობას მთელ მსოფლიოში“, - დაწერა იმამოღლუმ.

ექრემ იმამოღლუ ითვლება 2028 წელს დაგეგმილ თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მთავარ ოპოზიციურ კანდიდატად და ერდოღანის მთავარ კონკურენტად. თურქეთის მთავარი ოპოზიციური პარტია, რესპუბლიკური სახალხო პარტია (CHP), სავარაუდოდ, სწორედ მას აირჩევდა საპრეზიდენტო კანდიდატად 23 მარტს დაგეგმილ პრაიმერიზზე.  თურქეთის შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები 2028 წელს არის დაგეგმილი, თუმცა მოსალოდნელია ვადამდელი არჩევნებიც.

CHP-ის თავმჯდომარემ ოზგურ ოზელმა იმამოღლუს დაკავებას "გადატრიალება" უწოდა.

”ხელისუფლება ახლა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ერს არ აარჩევინოს მომავალი პრეზიდენტი, ჩვენ ჩვენი მომავალი პრეზიდენტის წინააღმდეგ გადატრიალების მოწყობის მცდელობას შევეჩეხეთ.“ - განაცხადა ოზელმა.

სტამბულის მერის დაკავებამ იმოქმედა ეკონომიკაზეც. იმამოღლუს დაკავების ფონზე ლირა დოლართან მიმართებაში რეკორდულად, 12%-ით დაეცა. გარდა ამისა, დაკავებამ გამოიწვია აქტივების მასიური გაყიდვა და Borsa Istanbul 100 ინდექსის კოლაფსი (-6,9%).

იმამოღლუს დაკავების შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ რამდენიმე სოციალურ ქსელზე, მათ შორის X, YouTube, Instagram და TikTok-ზე წვდომა შეზღუდა. ამის შესახებ Reuters-ი Netblocks-ზე დაყრდნობით იუწყება.

გარდა ამისა, ხელისუფლებამ დაკეტა რამდენიმე გზა სტამბოლის გარშემო და ქალაქში დემონსტრაციების ჩატარება ოთხი დღით აკრძალა. თუმცა თურქეთი მასშტაბურმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა. მოხდა რამდენიმე დაპირისპირება სტუდენტებსა და სპეცრაზმს შორის. 

მასშტაბური აქცია დაიგეგმა სტამბოლის ფათიჰის რაიონში,  სარაჩჰანეს უბანში, სადაც ამ დროისთვის ათასობით ადამიანია შეკრებილი. 

სტამბოლის მერის დაკავება დაგმო დასავლეთის არაერთი ქალაქის მერმა თუ პოლიტიკურმა წარმომადგენელმა.

ვინ არის  ექრემ იმამოღლუ და რატომ ითვლება მისი დაკავება ოპოზიაზე თავდასხმად.

ექრემ იმამოღლუ 53 წლისაა. ის 1971 წლის 3 ივნისს თურქეთში, ტრაპიზონის პროვინციაში აკჩააბათის რაიონში დაიბადა. დაამთავრა ტრაპიზონის საშუალო სკოლა, სადაც თამაშობდა სამოყვარულო ფეხბურთსა და ხელბურთს. 1987 წელს მისი ოჯახი საცხოვრებლად სტამბოლში გადავიდა. სწავლობდა სტამბოლის უნივერსიტეტში და მიიღო ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში და მაგისტრის ხარისხი ადამიანური რესურსების მენეჯმენტში.

იმამოღლუ რესპუბლიკურ სახალხო პარტიას 2008 წელს შეუერთდა. ერთი წლის შემდეგ იგი აირჩიეს პარტიის ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარედ. გარდა ამისა, იგი აირჩიეს სტამბოლის ბეილიქდუზუს რაიონში პარტიის ადგილობრივი ფილიალის ხელმძღვანელად.

2013 წლის 15 ივლისს პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ იყრიდა კენჭს ბეილიქდუზუს მერის პოსტზე. არჩევნები თურქეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ფარგლებში 2014 წლის 30 მარტს გაიმართა. მაშინ იმამოღლუმ მიიღო ხმების 50,44%, დაამარცხა კონკურენტი.

2017 წლის 23 სექტემბერს სტამბოლის მერის, კადირ ტოპბაშის გადადგომის შემდეგ, იმამოღლუ 2019 წლის სტამბოლის მერობის კანდიდატად აირჩიეს. 2019 წლის 31 მარტის არჩევნების შედეგების მიხედვით, პოლიტიკოსმა 13 729 ხმით სხვაობით დაამარცხა სამართლიანობისა და განვითარების პარტიის სამთავრობო კანდიდატი, თურქეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი. 17 აპრილს ეკრემ იმამოღლუმ ოფიციალურად დაიკავა სტამბოლის მერის თანამდებობა. თუმცა, 6 მაისს თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ გააუქმა არჩევნების შედეგები და ახალი არჩევნები დანიშნა. 2019 წლის 23 ივნისს სტამბოლის მერის ხელახალი არჩევისას, ეკრემ იმამოღლუმ წინა შედეგებზე მეტი, დაახლოებით 54% მიიღო და გაზარდა სხვაობა მის კონკურენტთან, ერდოღანის პარტიის წარმომადგენელთან ბინალი ილდირიმთან, თითქმის 800 ათასი ხმით. მისი გამარჯვება ოპოზიციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თავად ერდოღანმა, როგორც მედიამ აღნიშნა, არაერთხელ თქვა, რომ „თუ სტამბულში გაიმარჯვებ, იმარჯვებ თურქეთშიც“.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის იანვრიდან იმამოღლუს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი "საარჩევნო მოხელეების შეურაცხყოფის ბრალდებით“ და უკვე 2022 წლის 14 დეკემბერს მოსამართლემ მას პოლიტიკაში ჩართვა აუკრძალა. თუმცა, პოლიტიკური აკრძალვა ჯერ არ შესულა ძალაში, რადგან ის ჯერ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებმა უნდა დაამტკიცონ.

დაკავებამდე ერთი დღით ადრე სტამბოლის უნივერსიტეტმა ეკრემ იმამოღლუს უნივერსიტეტის დიპლომი გაუუქმა, ოფიციალურ მიზეზად კი დასახელდა ის, რომ 1990 წელს, ჩრდილოეთ კვიპროსის უნივერსიტეტიდან სტამბოლის უნივერსიტეტის ბიზნესს ადმინისტრირების ფაკულტეტზე გადმოსვლა, დარღვევით განხორციელდა.

Human Rights Watch (HRW) დაგმო სტამბულის მერის ეკრემ იმამოღლუს და ქალაქის სხვა ოფიციალური პირების დაკავება. HRW-ის წარმომადგენელმა თურქეთში ემა სინკლერ-ვებმა ინციდენტს  "მართლმსაჯულების სისტემის ბოროტად გამოყენება" და "პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიება" უწოდა.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი