თბილისის მერიამ ვაკის პარკის რეაბილიტაციისთვის 47 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. პროექტი მოიცავს პარკში არსებული შადრევნებისა და კასკადის სრულ რეაბილიტაციასა და რეკონსტრუქციას. წინადადებების მიღება 23 მარტიდან დაიწყება და 28 მარტამდე გაგრძელდება.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 47 მილიონი ლარია. დაფინანსების წყარო: 2025-2026-2027 წლების თბილისის ბიუჯეტის სახსრები. 2025 წელი - 10 000 000 ლარი; 2026 წელი - 18 000 000 ლარი; 2027 წელი - 19 000 000 ლარი.
შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირება-მშენებლობის სავარაუდო ვადად დაახლოებით 3 წელია განსაზღვრული. პროექტის-ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 270 კალენდ. დღე (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით), სამშ. სამუშაოების-ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 760 კალენდ.დღე (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით).
ტენდერის ტექნიკური დოკუმენტაციის თანახმად:
- არსებული კასკადი და შადრევნები უნდა აღდგეს პირვანდელი ვიზუალით.
- უნდა შეიქმნას დეტალური სამშენებლო დოკუმენტაცია საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმების და წესების დაცვით.
- პროექტი ასევე უნდა მოიცავდეს ზოგად ინსტრუქციებს და რეკომენდაციებს ობიექტის ექსპლუატაციისთვის.
- პროექტირებისას გათვალისწინებული უნდა იყოს საპროექტო ტერიტორიის რელიეფის თავისებურებები,
- ტერიტორია დაპროექტებული უნდა იყოს საქართველოში არსებული უსაფრთხოების ნორმების დაცვით.
- პროექტის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იყოს თანამედროვე სტანდარტების სამშენებლო მასალების გამოყენება.
- საპროექტო დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს როგორც გარე, ასევე შიდა საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობის პროექტებს: წყალმომარაგება-კანალიზაცია, ელექტრომომარაგება, სადრენაჟე სისტემა და ა.შ.
- პროექტს უნდა ახლდეს ტექნოლოგიური ნაწილი და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელიც უნდა იქნას წარმოდგენილი როგორც ლოკალურ-რესურსული, ასევე გამარტივებული სახით.
- საჭიროა ეფექტურად განხორციელდეს შადრევნების კასკადისა და აუზების ჰიდროიზოლაცია. დამონტაჟდეს ელექტრო დამზოგველი განათების სისტემა და შესაბამისი სპეციფიკაციების მქონე ტუმბოები.
სამშენებლო მოედნის საანგარიშო სეისმურობად მიღებული უნდა იყოს მინიმუმ 8 ბალი;
ტენდერში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს უნდა გააჩნდეთ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მინიმუმ 26 მილიონი ლარის ღირებულების რეკრეაციული ტერიტორიების მოწყობის, რეკონსტრუქციის ან რეაბილიტაციის გამოცდილება. ამასთან, ერთ დასრულებულ პროექტში არანაკლებ 7 850 000 ლარის სამუშაოების გამოცდილება უნდა ჰქონდეთ, ხოლო შადრევნების მოწყობის, რეკონსტრუქციის ან რეაბილიტაციის კუთხით არანაკლებ 1 000 000 ლარის გამოცდილება უნდა წარადგინონ.
შერჩეულმა კომპანიამ შესრულებული სამუშაოების (მათ შორის დეკორატიული სანათების) საგარანტიო პერიოდი მინიმუმ 2 წლის ვადით უნდა უზრუნველყოს.
შეგახსენებთ, ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წელს დაიწყო.კასკადის სამუშაოების დასრულება 2023 წლისთვის იგეგმებოდა. 2022 წლის ოქტომბერში თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვაკის პარკის მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 6 500 000 ლარი იყო. ჯამში, ვაკის პარკის განახლების პროექტი კი, გამწვანებისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩათვლით, 33 000 000 ლარი დაჯდა.
2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი დაიღუპა, ხოლო ორი მოზარდი დაშავდა. მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, სასამართლომ დამნასავედ 8 პირი სცნო, რომელთა შორის არიან როგორც მშენებელი კომპანიის, ასევე მერიის წარმომადგენლებიც.