მსახიობი ნია გუგავა წერს, რომ პოლიციაში ჯარიმის საკითხზე დარეკა, სადაც უთხრეს, რომ 2-ის ნაცვლად 4 ჯარიმა აქვს დაკისრებული.
მსახიობი ოთხივეჯერ გზის გადაკეტვის მოტივითაა დაჯარიმებული.
"დღეს დილით პოლიციაში დავრეკე ჩემი ორი ჯარიმის მოსაკითხად, რომლებიც ფოსტას დღემდე არ მოუტანია. მითხრეს, რომ 2 კი არა, 4 ჯარიმა მქონია – 4 და 21 მარტს დავუჯარიმებივარ, რაზეც ინფორმაცია არ მქონდა. კითხვაზე თუ რატომ არ შემატყობინეს ორი ჯარიმის თაობაზე პასუხი არ აქვთ...
რატომღაც სასაცილო გახდა ეს თემა ხალხისთვის, მაგრამ მე ნამდვილად არ მეცინება. სახელმწიფო ბიუჯეტს 20,000 ლარით არ უნდა ვავსებდე მხოლოდ იმიტომ, რომ ვაპროტესტებ, აქციაზე ვდგავარ და ხმას ვიღებ.
ყველა კუთხეში უსამართლობაა, ერთი მეორეზე უარესი, და ჩემი გული ვეღარ უძლებს. რამდენიმე დღის წინ ჩემი მეგობრის ფონდი დააყადაღეს, გამოძიებაა დაწყებული. ამ წუთას სასამართლოს ეზოში ვზივარ, სადაც ჩემი მეგობრისა და სხვა ბიჭების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს – მათ ჯგუფურ ძალადობაში ადანაშაულებენ, არც ერთ საქმეში პროკურატურას არ გააჩნია სამხილი ან მტკიცებულება — არ აქვთ, რადგან უდანაშაულო ადამიანებს ასამართლებენ… რამდენიმე კვირის წინ პოლიციამ ჩემი თანაკურსელები საკუთარ უნივერსიტეტში 45,000 ლარით დააჯარიმა…
ყოველ დღე, ყოველ წუთს უსამართლობას ვაწყდები, მაგრამ ყველაზე მეტად ხალხის სიჩუმეს განვიცდი, როდის და როგორ გაქრა ხალხში სოლიდარობის განცდა, რა მომენტიდან დავიწყეთ შეგუება?! მონურ მორჩილებაში ცხოვრებას ვეგუებით?! ბიძინას ხუშტურებზე ცხოვრებას ვეგუებით?! ხალხის ცემაზე, დევნაზე, შევიწროებაზე თვალს ვხუჭავთ?! თვალს ვხუჭავთ რეპრესიებზე?! ჩვენი კოლეგების თეატრებიდან, სამსახურებიდან გაგდებაზე თვალს ვხუჭავთ?! ასეთი ხალხი ვართ?!
ამხელა იმედგაცრუების, ბრაზის და გულის ტკივილის მიუხედავად ვცდილობ, რომ იმედი არ დავკარგო… როდესაც ყველაზე რთულია, იმედის შენარჩუნება ყველაზე მნიშვნელოვანია. მჯერა, რომ ეს სიჩუმე დროებითია და ხალხი აუცილებლად გაიღვიძებს. ყველა უსამართლობას აქვს დასასრული, და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ჯიუტად მწამს, რომ ამ ბრძოლის დასასრული აუცილებლად ჩვენი, ქართველი ხალხის გამარჯვებაა!" - წერს მსახიობი.