საქართველოში, დღეს, ოფიციალური ვიზიტით ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალური მდივანი, ფერიდუნ სინირლიოღლუ ჩამოვიდა.
ეუთოს გენერალური მდივანი "ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ბრიფინგი გამართეს.
"ჩვენ ვაფასებთ ეუთოს ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ასევე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ეფექტიან ფუნქციონირებას. შესაბამისად, საჭიროდ მიგვაჩნია გალის მექანიზმის უპირობო განახლება... საქართველოს სურს რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკას, აქვე მსურს აღვნიშნო საქართველოს გულწრფელი სურვილი, ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას. კიდევ ერთხელ მივესალმებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებას...
აქვე აღვნიშნავ ეუთოს ინსტიტუტებთან თანამშრომლობას და მათ მნიშვნელობას. საქართველო პატივს სცემს ეუთოს დამოუკიდებელ ინსტიტუტებს. ჩვენთვის მიუღებელია ზოგიერთ აქტორის მხრიდან ამ ინსტიტუტების ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის, ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ, პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების რაიმე სახის მცდელობები... ხშირად ვხედავთ საერთაშორისო ინსტიტუტების არასწორად გამოყენების მცდელობებს, რაც წინააღმდეგობაში მოდის იმ ფუძემდებლურ პრინციპებთან, რასაც ეფუძნება საერთაშორისო წესრიგი. საქართველოს ხელისუფლება არის ეუთოს და საერთაშორისო სამართლის პრინციპების ერთგული და იგივე მოლოდინი აქვს თავისი პარტნიორების მხრიდანაც... კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით საქართველოში სტუმრობისთვის ამ სამკობად რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში," - განაცხადა ბრიფინგზე მაკა ბოჭორიშვილმა.
ეუთოს გენერალური მდივნის განცხადებით, საქართველოში სტაბილურობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ორგანიზაციას, ყველა იმ საშუალებით, რომელიც გააჩნია, სურს საქართველოში უსაფრთხოების განმტკიცებაში ჩაერთოს.
"მე რა თქმა უნდა ერთგულად ვემსახურები ყველა იმ ქვეყნის ინტერესებს, რომლებიც ჩვენი ორგანიზაციის წევრები არიან. მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეუთო დაინტერესებულია და ჩვენ მხარს ვუჭერთ როგორც საქართველოს, ასევე ამ რეგიონის ყველა ქვეყანას...
ეს გახლავთ ორგანიზაცია, რომელმაც დაამტკიცა არაერთგზის რაოდენ მნიშვნელოვანია დიალოგის წარმოება განსაკუთრებით იმ რეგიონებში და ქვეყნებს შრის, რომლებიც კონფლიქტის მდგომარეობაში იმყოფებიან... ჩვენ უწყვეტად ვცდილობთ, რომ ჩავერთოთ კონფლიქტების რეგულირების საქმეში.
სტაბილურობა საქართველოში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როგორც მისი ხალხისთვის, ასევე რეგიონის ინტერესებისთვის, მასში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამყარებისათვის...
ჩვენ გვინდა საქართველოს დავუმტკიცოთ, რომ ჩვენ მოწოდებულნი ვართ, რომ ჩავერთოთ საქართველოში უსაფრთხოების განმტკიცებისათვის, ყველანაირი თვალსაზრისით, ყველა იმ საშუალებით, რომელიც ჩვენ ორგანიზაციას გააჩნია," - განაცხადა მან. [სინქრონული თარგმანი]