ესპანეთში, პორტუგალიასა და საფრანგეთის ნაწილში ელექტროენერგია მასშტაბურად გაითიშა, რამაც მეტროს ქსელები, სატელეფონო ხაზები, შუქნიშნები და ბანკომატები დააზიანა, შეფერხდა აეროპორტებისა და ტრანსპორტის მუშაობა.
Associated Press-ის ინფორმაციით პორტუგალიაში ელექტროენერგიის მასობრივად გათიშვის შემდეგ საავადმყოფოები და სხვა სასწრაფო დახმარების სამსახურები გენერატორებზე გადავიდნენ.
ესპანეთის ელექტროენერგიის დისტრიბუტორმა Red Electrica-მ განაცხადა, რომ ქვეყნის დიდი ნაწილის ელექტროენერგიის აღდგენას შესაძლოა 6-10 საათი დასჭირდეს. კომპანიამ უარი თქვა ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზებზე ვარაუდების გაკეთებაზე. თუმცა გაზეთის, Expresso-ს ცნობით, პორტუგალიურმა დისტრიბუტორმა E-Redes-მა განაცხადა, რომ გათიშვა გამოწვეული იყო "ევროპის ელექტროსისტემის პრობლემით".
Red Electrica-ს ოპერაციების ხელმძღვანელმა, ედუარდო პრიეტომ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს უპრეცედენტო იყო და მოვლენას "განსაკუთრებული და არაორდინალური" უწოდა.
ამ დროისთვის უცნობია რამდენი ადამიანი დაზარალდა მასობრივად დენის გათიშვის შედეგად.