Washington Post-ის ინფორმაციით, მოსკოვი შეშფოთებულია, რომ კიევთან რესურსების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია უფრო პროუკრაინულ პოზიციას დაიკავებს, ვიდრე ადრე.
გამოცემა წერს, რომ პირველ თვეებში დონალდ ტრამპის პოლიტიკა უფრო რუსეთის ინტერესების დაცვას ჰგავდა, თუმცა, ბოლო დროს, ვაშინგტონის განცხადებების ტონი შესამჩნევად შეიცვალა და უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის რესურსების შესახებ შეთანხმებამ მოსკოვში განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია.
Washington Post-ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ რუსმა დეპუტატებმა საჯაროდ დაიწყეს შეთანხმების აქტიური კრიტიკა და მას "უკრაინის კოლონიზაციისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად" მოიხსენიებენ, რუსეთის მთავრობის რიგებში შფოთვა იზრდება: აშშ-სა და უკრაინას შორის ურთიერთობების დათბობამ, შესაძლოა, კრემლისთვის ხელსაყრელი სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შესაძლებლობა დახუროს.
"ეს შეთანხმება რუსეთის მდგომარეობას აუარესებს. ტრამპსა და ზელენსკის შორის დაძაბულობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი აღმოფხვრილია", - განაცხადა კრემლთან დაახლოებულმა პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა სერგეი მარკოვმა.
როგორც WP აღნიშნავს, ამ მომენტამდე, როგორც ჩანს, რუსეთი უპირატესობას ფლობდა სამშვიდობო მოლაპარაკებებში - განსაკუთრებით ზელენსკისა და ტრამპს შორის ოვალურ კაბინეტში გამართული მწვავე დაპირისპირების შემდეგ. ახლა რუსეთის ელიტა შეშფოთებულია გაჭიანურებული ომის პერსპექტივით, რუსეთში ეკონომიკური პრობლემების გაღრმავების ფონზე.