მერიამ თბილისში შემოსასვლელის აღმნიშვნელი აბრების განახლებისთვის კონკურსი გამოაცხადა | გამარჯვებულ ესკიზს 10 ათას ლარად შეიძენენ

გამოქვეყნდა:

თბილისის არქიტექტურის სამსახურმა, დედაქალაქის საზღვრების აღმნიშვნელი აბრების განახლების მიზნით, კონკურსი გამოაცხადა. თბილისში შემოსასვლელის აღმნიშვნელი არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიცია 4 ადგილზე უნდა განთავსდეს (მცხეთიდან, მარნეულიდან, კახეთიდან და რუსთავიდან შემოსასვლელები), თითოეულ მათგანზე კონკურსი ცალ-ცალკეა გამოცხადებული და კონკურსში გამარჯვებული პროექტის შესყიდვა უწყების მხრიდან 10 000 ლარად მოხდება.

როგორც ტექნიკურ დოკუმენტაციაშია აღნიშნული  ქალაქ თბილისში შემოსასვლელის აღმნიშვნელი არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიცია უნდა გამოხატავდეს თბილისის ისტორიულ ხასიათს და მაქსიმალურად დადებით განწყობას უქმნიდეს სტუმარს ქალაქის ტერიტორიაზე შემოსვლისთანავე. კომპოზიციის იდეა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ვიზუალური, ისე ტექსტური მასალის სახით.

"წარწერა "თბილისი" უნდა იკითხებოდეს როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე. ამასთან ინგლისურ ენაზე შესრულებული წარწერის ზომები და მისი (ფონტის) ვიზუალურად აღქმის აქტივობა არ უნდა აღემატებოდეს ქართულ ენაზე შესრულებულ წარწერას.

წარწერა უნდა იკითხებოდეს ერთი შეხედვით და მკაფიოდ, არ უნდა იქცევდეს ზედმეტ ყურადღებას ავარიული სიტუაციის თავიდან ასაცილებლად.

აუცილებელია, რომ კომპოზიცია და წარწერა იკითხებოდეს ღამეც, რისთვისაც საჭიროა მას გააჩნდეს ადგილობრივი განათება ან/და მინათება.

კომპოზიცია უნდა იყოს მდგრადი ატმოსფერული პირობების (ქარი, თოვლი და სხვა) მიმართ და მყარი კონსტრუქციულად.

კომპოზიციის როგორც კონსტრუქცია, ისე მასალა არ უნდა იწვევდეს დისონანსს არსებულ გარემოში. კომპოზიციის მოცულობით-სივრცითი გადაწყვეტა არის თავისუფალი, თუმცა საჭიროა გათვალისწინებული იქნას გარკვეული ზომიერი მასშტაბურობა გარემოსთან მიმართებაში." - აღნიშნულია დოკუმენტაციაში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი