მოსკოვში, 9 მაისისთვის ჩასული ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის "პრეზიდენტი" ალან გაგლოევი და ბოსნია და ჰერცეგოვინას შემადგენლობაში შემავალი ავტონომიური რეგიონის, სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტს, მილორად დოდიკს შეხვდა.
გაგლოევმა დოდიკი ზაფხულის ბოლოს, "ცხინვალის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში" მონაწილეობის მისაღებად მიიწვია.
„სადღესასწაულო ღონისძიებების დროს უკვე მოვახერხეთ თქვენთან კომუნიკაცია, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ სამხრეთ ოსეთში გელოდებით“, - თქვა გაგლოევმა.
დოდიკმა „მიწვევას მზადყოფნით უპასუხა“ და გაგლოევი თავადაც მიიწვია:
„ჩვენ დაინტერესებულნი ვართ დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან პარტნიორული ურთიერთობებით. ჩვენ ასევე ვავითარებთ და ვზრდით საკუთარ წარმოებას, მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომლებსაც არამეგობრული სახელმწიფოები გვიქმნიან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს შეხვედრას შედეგები ჰქონდეს“ - თქვა დოდიკმა.
„მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოამზადებენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთქმედების დასაწყებად საგზაო რუკას და შეთანხმებებს თანამშრომლობის ხელშეკრულების სახით“, - იუწყება სააგენტო „რეს“.
პუტინის მარიონეტთან შეხვედრას დოდიკი X-ზეც გამოეხმაურა: „სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტ ალან გაგლოევთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მეგობრული და ძმური ურთიერთობები და გამოვთქვით შემდგომი თანამშრომლობის სურვილი. მადლობას ვუხდი პრეზიდენტ გაგლოევს მოწვევისთვის და იმედი მაქვს, წელს სამხრეთ ოსეთს ვესტუმრები. ჩვენი ხალხები მეორე მსოფლიო ომში დაზარალდნენ. მნიშვნელოვანი იყო ამ დღეებში, ჩვენს საერთო დღესასწაულზე, მოსკოვში ყოფნა“. დაწერა პუტინის მოკავშირემ.
მილორად დოდიკი ცნობილია თავისი პრორუსული პოზიციით. ის აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულია სეპარატისტული, ანტიევროპული რიტორიკის, კორუფციისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისთვის, ასევე საერთაშორისო სამშვიდობო ძალისხმევისთვის ხელშეშლის გამო.
2024 წელს მან უარი თქვა გაეროს რეზოლუციის აღიარებაზე, რომელიც 1995 წლის სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტას გენოციდად აცხადებდა.
სარაევოს სასამართლომ დოდიკი დამნაშავედ ცნო საკონსტიტუციო სასამართლოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინაში უმაღლესი წარმომადგენლის, საერთაშორისო თანამდებობის პირის, კრისტიან შმიდტის გადაწყვეტილებების უგულებელყოფაში და მას ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ექვსი წლით პოლიტიკური საქმიანობა აუკრძალა, თუმცა, დოდიკი არ დაუკავებიათ.