მაშველებმა მტკვარში გადავარდნილი ავტომობილი და მასში 2 პირის ცხედარი იპოვეს | კიდევ ერთი მგზავრის სამძებრო სამუშაოები გრძელდება

გამოქვეყნდა:

მაშველებმა მტკვარში გადავარდნილი ავტომობილი ამოიყვანეს - მანქანაში ორი მგზავრის ცხედარია ნაპოვნი. ინფორმაცია "მთავარს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, სამაშველო ოპერაცია ამ დროისთვის ისევ გრძელდება. მაშველები კიდევ ერთ მგზავრს ეძებენ. 

საგანგებოს ცნობით, ცხედრები წყლიდან უკვე ამოასვენეს და მათ ყველა შესაბამისი, სამართლებრივი პროცედურა უტარდებათ. სამაშველო ღონისძიებაში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულები არიან მყვინთავთა ჯგუფი, წყლის საშუალებები და შინაგან საქმეთა სამინისტროს, შესაბამისი დანაყოფები.

შეგახსენებთ, რომ მანქანა მტკვარში 14 მაისს, გვიან ღამით გადავარდა. თვითმხილველები ამბობდნენ, რომ ავტომობილში 4 მგზავრი იჯდა. ერთი ადამიანი მაშველებმა იმავე ღამეს, ცოცხალი ამოიყვანეს - ის კლინიკაში იყო გადაყვანილი. ავტომანქანის პოვნა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც მტკვრის კალაპოტში წყლის დონის ხელოვნური შემცირება მოხდა. 

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი, 2002 წელს დაბადებული ი.ს. დააკავა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ს. - მ მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით გადაადგილებისას, ავარიული ვითარება შეუქმნა სხვა ავტომობილს, რომლის მძღოლმაც საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე მტკვარში გადავარდა", - წერია განცხადებაში. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი