"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, პროკურატურამ მისი ხვალინდელი პროცესის გადადება მოითხოვა.
როგორც მელიამ აღნიშნა, საქმის პროკურორებმა სასამართლოს წერილობით მიმართეს და პროცესის გადადება მოითხოვეს - მიზეზად მათი ტრენინგზე დასწრება და თბილისში არყოფნა სახელდება.
"როგორც იცით, ხვალინდელ პროცესში მონაწილეობაზე უარი ვთქვი, გასაგები და ცნობილი მიზეზების გამო. დაველოდებოდი განაჩენს სხვა ადგილას. რამდენიმე წუთის წინ, ადვოკატს, გიორგი კონდახაშვილს სასამართლომ დაურეკა და საინტერესო ამბავი შეატყობინა - ცნობილმა, ორმა პროკურორმა გოგონამ წერილობით მიმართეს სასამართლოს, რომ ისინი ხვალ, მთელი დღის განმავლობაში იქნებიან ტრენინგზე. შესაბამისად არ იქნებიან თბილისში და ვერ დაესწრებიან პროცესს და სთხოვეს, რომ სასამართლომ საპატიოდ ჩაუთვალოს გაცდენა. შესაბამისად ამ წუთის მდგომარეობით პროკურორები ხვალინდელ პროცესზე არ გამოცხადდებიან, არც ბრალდებული, არც პროკურორი - ასეთი მდგომარეობა გვაქვს", - თქვა მელიამ ვიდეო მიმართვაში, რომელიც საკუთარ სოციალურ ქსელში გაავრცელა.