როცა საქმე არ შეგიძლია, წადი რა, გვერდზე გადი - მეუფე იაკობი კარტოგრაფებზე

გამოქვეყნდა:

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი, დღევანდელ საკვირაო ქადაგებაზე დავითგარეჯის საქმეს გამოეხმაურა. მისი თქმით, საკითხი არ უკავშირდება წინასაარჩევნო პერიოდს. ამასთან, მეუფე იაკობი ფიქრობს, რომ კარტოგრაფები, მამა კირიონის ჩვენების გამო, არ არიან დაპატიმრებული და არასწორია, პირადი სიმპატიების გამო ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას უდანაშაულები ვუწოდოთ. 

აქვე, გეტყვით, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ბოდბელი ეპისკოპოსი გარეჯის ახლადდაწყებულ გამოძიებას პოლიტიკური მოტივით ხსნიდა და ამბობდა, რომ ის, რაც პროკურატურას ახლა გაახსენდა, მისთვის ცნობილი დიდი ხნის წინ იყო. როგორც ჩანს, განწყობა მეუფე იაკობმა 2 დღეში შეიცვალა. 

დავითგარეჯი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო. ეროვნული მოძრაობაც ამით დაიწყო. ამჟამად რა მოხდა? ნახეს ის რუკა, რომლითაც უნდა ეხელმძღვანელათ. როდესაც პროფესიონალი ხარ და რაღაც თანამდებობაზე დაგნიშნეს, ყოველთვის უნდა შეგეძლოს იმის განსაზღვრა, რას რა მოჰყვება. სულ არ მაინტერესებს რუკა საიდან ჩამოიტანეს. მთავარია, ის იყოს სწორი, - ამბობს მეუფე იაკობი

ამასთან, ბოდბელი ეპისკოპოსის თქმით, ყველა ადამიანი საკუთარ ქმედებებზე აგებს პასუხს და როცა საქმეში ვერ ერკვევი, საერთოდ უნდა ჩამოსცილდე მას. უფრო ზუსტად, როგორც მეუფე იაკობი იტყოდა, ჯობია, "გვერდზე გახვიდე". 

ატეხილია ერთი ამბავი, ხან მამაოს გადასწვდნენ. ნეტა რომელიმე მათგანი იყოს მასსავით წესიერი და პატიოსანი. ყველა თავის საქციელზე აგებს პასუხს, მამაოს გამო არავინ დაუჭერიათ. რაც კომისიამ გააკეთა, არის უგულობა. როცა არ შეგიძლია, წადი რა, გვერდზე გადი და ნუ ჩაერევი იმაში, რაც შენი საქმე არ არის. მე რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ სასიხარულოა რუკის გამოჩენა. ტყუილად ძაბავენ სიტუაციას - აზერბაიჯანის მხარეს რამე პრეტენზია რომ ჰქონდეს, აქამდე იტყოდა და არ გაუჭირდებოდა თქმა. დაჭერილ ადამიანებზე რომ სიმპატიის გამო ამბობ, დამნაშავე არ არისო... მოდით რა, ამდენი ადამიანია დაჭერილი. თითოეულ კაცს რომ დასდევენ, რათა პოლიტიკური სარჩული მოსდონ, არასწორია, - თქვა ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა. 

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. სასამართლომ მათ 8 ოქტომბერს  წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

არცერთი დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. ივერი მელაშვილს სასამართლო პროცესზე ემოციური გამოსვლა ჰქონდა, სადაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უდანაშაულოა და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ არასდროს უმუშავია.

პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.

საგამოძიებო უწყების მტკიცებით, "ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილია, საზღვრის ხაზებით, რაც ,როგორც აღინიშნა, არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავითგარეჯთან მიმართებაში."

დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი