ადვოკატებმა ციხეში მყოფ კარტოგრაფბს, ივერი მელაშვილს საქმეში არსებული მასალების ნაწილი - რუკები და მოწმეთა ჩვენებები - გააცნეს
ადვოკატები კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ ვალერი მელაშვილისა და ნატალია ილოჩოვას დაკავების საფუძველი არ არსებობდა და საქმეში, აბსურდული ბრალდებების და ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებების გარდა, კონკრეტული მტკიცებულება მათ წინააღმდეგ არ არსებობს.
ის თვლის, რომ არის აბსოლუტურად უდანაშაულო და არის მსხვერპლი ან ადამიანთა სრული უმეცრების, რომლებსაც სათანადო ცოდნა და კვალიფიკაცია არ აქვთ და ვერ ხვდებიან, რას ამტკიცებენ, ან, მეორე მხრივ, არის მსხვერპლი მიზანმიმართული პროვოკაციის იმისთვის, რომ სხვა ადამიანებმა ან სხვა ძალებმა ხეირი ნახონ მისი პატიმრობით, - ამბობს ივერი მელაშვილის ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე.
ადვოკატები "მატროსოვის" ციხეში სამ საათზე მეტხანს იმყოფებოდნენ. მშვენიერაძემ რუკებზე მუშაობისთვის ციხის ადმინისტრაციას სთხოვა, რომ პატიმართან ცალკე შეხვედრის უფლება ბარიერის გარეშე მისცენ.
ჩვენთვის ამ ეტაპზე კიდევ უფრო მეტად ცხადი და ნათელია, რომ პროკურატურას, უბრალოდ, სურს, ეს ადამიანი ციხეში ჰყავდეს, - ფიქრობს ივერი მელაშვილის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი.
მმართველი გუნდი კი დღეს ბრალდების მხარის არგუმენტების გამყარებას ცდილობდა. "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ გაიხსენა, რომ წინა ხელისუფლებამ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან სახელმწიფო საზღვარი დაადგინა, რასაც შემდეგ ოკუპაციის პროცესებიც მოჰყვა:
წინა ხელისუფლებამ აღადგინა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები, რაც იყო ცხადი და ღია დანაშაული მათი მხრიდან და სწორედ ამ საზღვრების აღდგენამ და იქ ე.წ. მეორე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებამ, რაც იყო პირდაპირი და ცხადი დანაშაული, ხელი შეუწყო რუსეთის ფედერაციას, რომ განეხორციელებინა ამ ჩვენი ისტორიული რეგიონის ოკუპაცია და ბორდერიზაციაშიც უწყობს ხელს დღემდე, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება 8 ოქტომბერს შეუფარდა.
პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.
ავტორი: ნინო ღვედაშვილი.