ხელვაჩაურის მერის საკითხი, რომელმაც "ბათუმელების" ჟურნალისტი ჯერ სიტყვიერად შეურაცხჰყო, ხოლო შემდეგ უცენზუროდ აგინა, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში განიხილეს.
“ბათუმელებმა” 12 ოქტომბერს გამოაქვეყნა ჩანაწერი, რომელშიც ხელვაჩაურის მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე, “ბათუმელების” ჟურნალისტს აგინებს. მერის გაღიზიანება გამოიწვია ჟურნალისტის შეკითხვამ, რატომ გადაადგილდებოდა ის „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მერიის ანუ სახელმწიფოს ავტომანქანით, რასაც კანონი კრძალავს.
კითხვის მოსმენის შემდეგ ჯუმბერ ვარდმანიძე გაღიზიანდა და ჟურნალისტი სიტყვიერად შეურაცხყო, ხოლო მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა უთხრა, რომ მერს არა აქვს უფლება, ასე უხეშად ესაუბროს მოქალაქეებს, ჯუმბერ ვარდმანიძე უცენზურო გინებაზე გადავიდა.
“მერის ეს საქციელი ეწინააღმდეგება თანამდებობის პირთა ეთიკურ პრინციპებს და ახალისებს ჟურნალისტების მიმართ აგრესიას.
ქარტია მიიჩნევს, რომ აუცილებელია არჩევად თანამდებობაზე მყოფ ყველა პირს გააზრებული ჰქონდეს ის პასუხისმგებლობა, რაც თანამდებობაზე ყოფნისას აქვს დაკისრებული. ასევე, მნიშვნელოვანია საჯარო პირებმა გააცნობიერონ ჟურნალისტებთან ურთიერთობისა და ამ ფორმით საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების მნიშვნელობა. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს მმართველ გუნდს, შეისწავლოს აღნიშნული შემთხვევა, ვინაიდან, ეს მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხიცაა.
ქარტია მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს იფიქრონ ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, მხარი დაუჭირონ მედიის თავისუფლებას და საკუთარი დამოკიდებულებით არ გააღრმავონ მედიაზე თავდასხმის რისკები. ქარტია მნიშვნელოვანად მიიჩნევს დაუყოვნებლივ რეაგირებას მსგავს შემთხვევებზე, იმისათვის, რომ დაუსჯელობის სინდრომი არ გახდეს გადამდები სხვა საჯარო პირებისათვის,” – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.