თავდამსხმელი ბადრი ესებუაა-შსს-მ ნიკა გვარამიას ინფორმაცია დაადასტურა

გამოქვეყნდა:

შსს ადასტურებს, რომ "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი ბადრი ესებუაა. საგანგებო განცხადება მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ, გააკეთა.

ამით ბორცვაძემ დაადასტურა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ინფორმაცია, რომელიც ნიკა გვარამიამ გუშინ გაავრცელა.

ბორცვაძე ამტკიცებს, რომ თავდამსხმელის იდენტიფიცირება პირველსავე დღეს მოხდა, თუმცა ადასტურებს იმასაც, რომ ესებუას დაკავებაში სამართალდამცველები "პრობლემებს აწყდებოდნენ". 

ბორცვაძემ უარყო გავრცელებული ინფორმაციები, რომ სამართალდამცველებს ესებუა რამდენჯერმე გაექცათ და მიზანმიმართული პროვოკაცია უწოდა.

შსს, ოფიციალურ განცხადებასთან ერთად, ესებუას ფოტოსაც ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს გავრცელებული განცხადების და მასში აღნიშნული მოწოდების მიუხედავად, გარკვეულმა მედიასაშუალებებმა ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ფილიალზე მომხდარ თავდასხმაში იდენტიფიცირებული პირის ფოტოების და ვინაობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს იმაზე ადრე, ვიდრე ამას სამინისტრო დაადასტურებდა.

კიდევ ერთხელ გვინდა ყველას მივმართოთ, რომ მსგავსი სიმძიმის დანაშაულზე ინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელება, ინტენსიური ოპერატიული ღონისძიებების პარალელურად, ხელს უშლის გამოძიების პროცესს, მიმდინარე და დაგეგმილ საპოლიციო ღონისძიებებს.

ვინაიდან საზოგადოების ნაწილისთვის უკვე ცნობილია იდენტიფიცირებული პირის ვინაობა, შინაგან საქმეთა სამინისტრო მის შესახებ ინფორმაციას ასაჯაროებს.

პოლიციის მიერ ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, თავდასხმაში მონაწილე, იდენტიფიცირებული პირია: 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუა. მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, პოლიცია სპეციალურ ოპერატიულ, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს აქტიურად განაგრძობს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა- ტარებას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს" - ნათქვამია შსს ოფიციალურ განცხადებაში.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი