"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნების დღეს, 31 ოქტომბერს, პარლამენტის წინ მრავალათასიან აქციას გეგმავს. მდინარაძის თქმით, ეს პარტიის კიდევ ერთი "მავნებლობაა".
"ჩვენი ინფორმაციით, თბილისის მერიაში შესულია წერილი, რომლის მიხედვითაც, ისინი არჩევნების დღეს, პარლამენტის წინ 12 საათიდან იკრიბებიან. არჩევნების დღეს, ხაზსს ვუსვამ. როგორც ჩანს, სრული რესურსის მობილიზაციას ამ მიმართულებით აპირებენ და აანონსებენ მრავალათასიანი აქციის ჩატარებას. ხაზს ვუსვამ, არჩევნების დღეს, 12 საათიდან. ეს ნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობა არის სასოწრაკვეთილების პიკში, მათ ზუსტად იციან, რომ დემოკრატიულ არჩევნებში რამე სახის წარმატების შანსი არ გააჩნიათ", - თქვა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძის თქმით, მაშინ, როცა აქტივისტები, პოლიტიკური პარტიები და მოსახლეობა ხმის მიცემის პროცესში იქნება ჩართული, "ენმ ხმების პარალელური დათვლის შედეგად მიღებული მონაცემების დაცვის აბსურდული საბაბით ნაციონალური მოძრაობა ფსონს სიტუაციის რადიკალიზაციაზე და არეულობის შექმნაზე აკეთებს".
მდინარაძემ მოქალაქეებს არჩევნებში მისვლისკენ მოუწოდა.