საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია თვითიზოლაციაში გადავიდა. ამის შესახებ მან პოსტი ცოტა ხნის წინ Facebook-ზე გამოაქვეყნა. მისი თქმით, თანამშრომელს, რომელთანაც გუშინ ხანგრძლივი კომუნიკაცია ჰქონდა კორონავირუსი დაუდგინა.
"სამწუხაროდ, მე ახლა განსხვავებულ რეჟიმში მიწევს მუშაობა, რადგან ჩემს თანამშრომელს, რომელთანაც გუშინ მქონდა ხანგრძლივი კომუნიკაცია, მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებისას დაუდგინდა კორონავირუსი. შესაბამისად, გადავედი თვითიზოლაციაში და ამ რეჟიმშიც ვაგრძელებ მუშაობას", - წერს პრემიერი.
პრემიერმა აღნიშნა, რომ "ამ ურთულეს პირობებშიც კი, საქართველომ შეძლო თავისუფალი, ღია და კონკურენტული არჩევნების ჩატარება". მისი განცხადებით, იყო ცალკეული ხარვეზები, რომელიც გამოსწორებადია და რაზეც უნდა იმუშაონ.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნით ადრე, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, რატომ არ გადადიოდა თვითიზოლაციაში უპასუხა: "თვითიზოლაციაში გადავიდე და რა ვქნა? ჩემს მაგივრად ვინ იმუშავებს, იქნებ იდეა შემომთავაზოთ ამასთან დაკავშირებით?"