გლდანის ციხეში თავდასხმის შემდეგ, "მთავარი არიხს" დამფუძნებელთან, გიორგი რურუასთან დღეს, 3 ნოემბერს ადვოკატი შევა. მომხდართან დაკავშირებით უკვე ინფორმირებული არიან დიპლომატიური მისიები. ინფორმაცია მიეწოდება ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასაც.
ადვოკატიც და ოპოზიციაც დარწმუნებულები არიან, რომ პოლიტპატიმარ გიორგი რურუაზე თავდასხმა ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ძალადობაა, დაწყებული გამოძიება კი ფორმალობა.
"პოლიტპატიმარ გიორგი რურუაზე მოხდა ფიზიკური თავდასხმა და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს თავდასხმა ხელისუფლების მხრიდან იყო ორგანიზებული. ამაზე მიუთითებს, ის გარემოება, რომ წესით გიორგი რურუას არ უნდა ჰქონოდა გადაკვეთა სხვა პატიმრებთან, ვინაიდან ის სამარტოო საკანში იმყოფება", - ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი.
მისი თქმით, რურუას გამოკითხვას დაესწრება, თუმცა გამოძიებას არ ენდობა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ მომხდარი ფაქტით უკიდურესად შეშფოთებულები არიან და საქმის კურსში დიპლომატიური მისიები უკვე ჩააყენეს.
"ევროპული საქართველოს" წევრის, გიგი უგულავას თქმით, ეს არჩევნების პერიოდში გიორგი რურუას "გატეხვას" ემსახურება და ხელისუფლების მიერაა ორგანიზებული.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 2 ნოემბერს გიორგი რურუას გლდანის ციხეში სხვა პატიმრები თავს დაესხნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო. პენიტენციური სამსახურის განცხადებით, რურუას დაპირისპირების შედეგად სახის არეში სისხლნაჟღენთები აღენიშნება.