დაკეტილი მუზეუმები, ბარები და რესტორნები რამდენიმე ქვეყანაში - კორონავირუსს მსოფლიო იზოლაციისკენ მიჰყავს

გამოქვეყნდა:

კორონავირუსს მსოფლიო იზოლაციისკენ მიყავს. იტალია და ესპანეთი პრაქტიკულად დახურულ ქვეყნებად იქცა. რომი, მადრიდი და სხვა ტურისტული, კულტურული, სპორტული და ეკონომიკური ცენტრები ფაქტობრივად დაცარიელებულია.

მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ღირსშესანიშნაობებს, უკვე რამდენიმე დღეა,  მნახველი აღარ ყავს. იტალიის ყველაზე პოპულარული ქალაქები, თითქმის ცარიელია. დაკეტილია მუზეუმები, ბარები, რესტორნები და ყველა დაწესებულება სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების გამოკლებით. ბოლო 24 საათში, კორონა ვირუსმა იტალიაში, კიდევ 196 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ინფიცირებულთა რაოდენობა კი 12 462-მდე გაიზარდა.

საგანგებო მდოგმარეობა გამოცხადა ესპანეთშიც. დაკეტილია ყველა სასწავლო დაწესებულება, თეატრები და ტურისტული ობიექტები-  მათ შორის მადრიდის - პრადოს - მუზეუმი. ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხევა უკვე დაფიქსირდა საბერძნეთში - „კოვიდ 19“-ის  გავრცელების რისკებიდან გამომდინარე განსაკუთრებული ზომებია დაწესებული ევროპის ქვეყნების საზღვრებზე. ამ დროისთვის კორონა ვირუსი მსოფლიოს 124 ქვეყანაშია დაფიქსირებული.

ევროპის მასშტაბით შექმნილი მძიმე ვითარების და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ, პანდემიის ოფიციალურად გამოცხადების გამო, საგანგებო ზომებს მიმართვას შეერთებული შტატებიც. ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, შენგენის ქვეყნებიდან ფრენები 30 დღით შეჩერდა. განცხადება დონალდ ტრამპმა, თეთრი სახლის ოვალური დარბაზიდან გააკეთა და მოსახლეობას საზარელი ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად, ყველა ზომის გამოყენებას დაპირდა.

კორონავირუსს ებრძვიან ირანის მთავრობაშიც. „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი, მინისტრთა კაბინეტის წევრებს, მათ შორის ვიცე პრეზიდენტს,  კულტურის, ტურიზმის და ვაჭრობის მინისტრებსაც დაუდგინდათ. კარანტინში რჩებიან  პარლამენტის წევრები. ამ დროისთვის ირანში, 9 ათასი შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 354 ფატალური შედეგით დასრულდა. კორონა ვირუსის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა სომხეთსა და აზერბაიჯანში. პაციენტებს ახლო შეხება ჰქონდა ირანის მოქალაქეებთან.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, კორონავირუსის გავრცელებას, პანდემიის კვალიფიკაცია უკვე ოფიციალურად მიანიჭა. ორგანიზაციის პრეზიდენტი, ამბობს, რომ „კოვიდ 19“ კაცობრიობის საერთო მტერია და მას ერთობლივი ძალებით ბრძოლა სჭირდება.

ეს კი ჩინელი ექიმების კადრებია; ჩინეთი კორონა ვირუსზე გამარჯვებას ზეიმობს. ჰუბეის ხელისუფლებამ, ვირუსის პიკი დასრულებულად გამოაცხადა და საკარანტინო ზომების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო. დაიხურა საგანგებოდ გახსნილი ჰოსპიტალები, სადაც მედიკოსები, თითქმის 3  თვის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ.

კორონავირუსის გავრცელების პიკში დღეში ინფიცირების 3 000 ახალი შემთხვევა ვლინდებოდა,  10 მარტის მონაცემებით, კი  მხოლოდ 20 ახალი,  ვირუსით გარდაცვალების კი 17 შემთხვევა დაფიქსირდა. ჩინელი ექიმები, რომლებმაც მსოფლიო გამოწვევას სწრაფად და ადეკვატურად უპასუხეს, ახლა ყველაზე მძიმე გამოწვევისთვის ემზადებიან.

ჰუბეის პროვინციის შემდეგ, მედიკოსები კორონა ვირუსთან ახლა იტალიაში იბრძოლებენ. წინასწარი პროგნოზით, თუ მთელი მსოფლიო საკუთარ ძალებს გააერთიანებს, ვირუსის დამარცხება ივნისში შესაძლებელი გახდება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი