“აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, საქართველოში მზარდი ავტორიტარული მთავრობის მიმართ მკაცრი გზავნილები უნდა გააჟღეროს, თბილისში ვიზიტისას” - ამის შესახებ ამერიკული გამოცემა Washington Examiner წერს.
საავტორო სტატიაში ასევე ვკითხულობთ, რომ არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გამოსულ მოსახლეობას საქართველოს უსაფრთხოების ძალები წყლის ჭავლითა და სხვა საშუალებების გამოყენებით ებრძვის. პრემიერმინისტრი გიორგი გახარია კი, დარწმუნებულია, რომ მაიკ პომპეოს ჩამოსვლამდე ვითარებას მოაგვარებს.
აქვე, პრემიერი გახარია მაიკ პომპეოს ვიზიტს ისე წარმოაჩენს, თითქოს, აშშ ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობით ძალიან კმაყოფილია. ამ ფონზე კი, პომპეომ გახარიას სიმართლე უნდა შეაცნობინოს. კერძოდ, ის, რომ მაშინ, როდესაც აშშ ცდილობს მეგობრულ ურთიერთობას, სადაც თანაბარი ჩართულობაა ეკონომიკურ და დიპლომატიურ საკითხებში, ამის მიუხედავად, ამერიკა საქართველოში ავტორიტარიზმის წინსვლაზე თვალს არ დახუჭავს.
სახელმწიფო დეპარტამენტი ღიად ამბობს, რომ ის "მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობას, დემოკრატიული რეფორმების შემდგომი პროგრესის მიზნით" და აქვე, სტატიის ავტორი იმედს გამოთქვამს, რომ მაიკ პომპეო თბილისში გამართული შეხვედრების დროს "დახურულ კარს მიღმა უფრო მკაცრ ენას გამოიყენებს."
"მთავარი საწუხარი კი, აქ ბიძინა ივანიშვილია, რომელიც სინამდვილეში მთავარი ძალაა გახარიას უკან" - ასე იხსენებს თავის პირველივე წინადადებაში Washington Examiner-ი "ქართული ოცნების" უკან მდგომ მილიარდერ ოლიგარქს.
"სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილმა გამოხატა მწირი ინტერესი, რომ თავისი სიმდიდრითა და გავლენით პატარა ერის გლობალური პერსპექტივას დახმარებოდა. ამის ნაცვლად, მან კანონი უზენაესობა უკან დახია და ქვეყნის ჩრდილოელ აგრესორს, რუსეთს, ეთამაშება.
ივანიშვილმა ეს გააკეთა თავისი ქვეყნის ეკონომიკური კავშირების შერყევით აშშ-სა და ევროკავშირთან.
მან შეაფერხა პორტის მშენებლობა და ინტერნეტის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი, რაც პუტინის ინტერესებში შედიოდა", - ვკითხულობთ სტატიაში.
სტატიის ავტორი, ტომ როგანი, ასევე, ფიქრობს, რომ, რაც უფრო მეტი კონტროლი აქვს პუტინს საქართველოს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მით უფრო დეგრადირდება მისი ეროვნული პერსპექტივები. ამიტომ, პომპეომ კარგად უნდა წარმოაჩინოს საკუთარი შეშფოთება. თუ ამერიკა საქართველოს მთავრობის მიერ ქართველი ხალხისადმი პატივისცემის შემცირების მოწმე გახდება, პასუხისმგებელ პირები სადამსჯელო ფინანსურ და დიპლომატიურ ღონისძიებებს დაექვემდებარებიან.
შეგახსენებთ, მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოში 17-18 ნოემბერსაა დაგეგმილი. ის საქართველოში წინასწარ დაგეგმილი ტურნეს ფარგლებში ჩამოდის.