ვგრძნობთ, რომ აშშ-ის გაძლიერებული წარმომადგენლობის მომენტი დადგა - გახარია პომპეოს

გამოქვეყნდა:

ამერიკის სახელმწიფო მდივანის, მაიკ პომპეოსა და პრემიერის, გიორგი გახარიას შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. პომპეომ მთავრობის კანცელარია უკვე დატოვა და საპატრიარქოში გადაინაცვლა. ადმინისტრაცია შეხვედრისას პრემიერის მიმართვას ავრცელებს, სადაც ის შეერთებულ შტატებს პარტნიორობისთვის მადლობას უხდის და ამბობს, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორობაა, რომელიც ჩვენ ქვეყანას გააჩნია. 

გთავაზობთ ტესქტს სრულად:

ბატონო სახელმწიფო მდივანო, მოგესალმებით და მადლობას გიხდით,  ვიზიტისთვის, განსაკუთრებით ამ რთულ - გლობალური პანდემიის - პერიოდში. თქვენ ამ ქვეყნის ჭეშმარიტი მეგობარი ბრძანდებით! ჩვენ, რა თქმა უნდა, პირადად თქვენი და შეერთებული შტატების მადლობელი ვართ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მხარდაჭერისთვის. ეს ყველზე მნიშვნელოვანი პარტნიორობაა, რაც გაგვაჩნია. ასევე, რა თქმა უნდა, მადლობას გიხდით შეერთებული შტატების მხარდაჭერისთვის ახალი კორონავირუსის დაძლევის საქმეში.

თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ძალიან წარმატებული თანამშრომლობა გვაკავშირებს ლუგარის ლაბორატორიის სახით, რომელიც მეტად საკვანძო ასპექტია ახალ კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში.
უპირველეს ყოვლისა, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ნამდვილად ვაფასებთ შეერთებული შტატების ხალხისა და მთავრობის უწყვეტ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. კარგად იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის, რომლის ტერიტორიები ოკუპირებულია, რადგან საოკუპაციო ძალები კვლავ არიან განთავსებული ჩვენს მიწაზე.

ჩვენ ვიცით, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა უპირველეს ყოვლისა ეფუძნება ფასეულობებს - თავისუფლებას, დემოკრატიას და რა თქმა უნდა, საერთო გეოსტრატეგიულ ინტერესებს. რეგიონისთვის ამ ძალიან ცვალებად დროში ვაცნობიერებთ, რომ ეს საკითხებია განსახილველი. ძალიან კარგი შესაძლებლობა გვეძლევა მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის  თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკისა და  დემოკრატიის კონსოლიდაციის საკითხებზე თანამშრომლობის გასაღრმავებლად.

მინდა დაგარწმუნოთ, რომ ნამდვილად ვგრძნობთ, რომ ჩვენი თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაძლიერების, ასევე ამ რეგიონში შეერთებული შტატების გაძლიერებული წარმომადგენლობის მომენტი დადგა.

 საქართველოში ამერიკის საელჩო აცხადებს, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა საქართველოს პრემიერმინისტრთან, გიორგი გახარიასთან, შეხვედრისას ყურადღება საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობაზე გაამახვილა. 

შეგახსენებთ, მაიკ პომპეო საქართველოში თურქეთიდან 17 ნოემბერს ჩამოვიდამოგვიანებით მან განცხადებაც გაავრცელა.  პომპეომ თქვა, რომ ამერიკა ერთგული რჩება დაეხმაროს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებში და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში. 

გიორგი გახარიასთან შეხვედრამდე, პომპეო საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ათონელის რეზიდენციაში შეხვდა.

ასევე, განცხადება გაავრცელა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმაც, სადაც ნათქვამია, რომ აშშ მზად არის, დაეხმაროს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების გაძლიერებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი