დღეს თქვენი დუმილით აჩვენეთ, რომ არ შეეგუებით ხმის ჩამორთმევას - ოპოზიციის აქცია სრულდება

გამოქვეყნდა:

ოპოზიციის აქცია-მსვლელობა დასრულდა. პარტიების ლიდერებმა და მათმა მხარდამჭერებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს. ისინი მხარდამჭერებს მიმართავენ და ცოტახანში დაიშლებიან.

"ეს იყო აქცია, რომლითაც ჩვენს მეგობრებს, მთავარ პარტნიორებს გავაგონეთ ჩვენი ხმა, ხანდახან დუმილი უკეთ ლაპარაკობს, ვიდრე პოლიტიკოსები და დღეს თქვენი დუმილით თქვენ აჩვენეთ, რომ ხმაწართმეული ადამიანები არ შეეგუებით ხმის ჩამორთმევას და არჩევნების გაყალბებას", - თქვა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, დავით ბაქრაძემ. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, ეს იყო მდუმარე, მაგრამ ყველაზე ხმამაღალი აქცია, რადგან ამ მდუმარებით მთელ მსოფლიოს გააგებინეს რა მდგომარეობაში იმყოფება ქვეყანა.

მისი თქმით, მიზანი მიღწეულია და მხარდამჭერებს სხვა აქციებზე შეხვდებიან. 

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია დილის 11 საათიდან აქცია მსვლელობებს მართავდა. მათ სპეციალური ბანერებითა და სტიკერებით გაყალბებული არჩევნები გააპროტესტეს.

შეგახსენებთ, მაიკ პომპეო საქართველოში თურქეთიდან 17 ნოემბერს ჩამოვიდა. მოგვიანებით მან განცხადებაც გაავრცელა.  პომპეომ თქვა, რომ ამერიკა ერთგული რჩება დაეხმაროს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებში და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი