შსს ბადრი ესებუას 1 თვეა ეძებს

გამოქვეყნდა:

1 თვე "საქართველოს ბანკზე" თავდასხმიდან . ზუსტად 1 თვის წინ, 21 ოქტომბერს ზუგდიდში, ბანკის ფილიალში შეიარაღებულიპირი შეიჭრა, რომელმაც მძევლები აიყვანა, სპეცრაზმს რამდენიმესაათიანი წინააღმდეგობა გაუწია, საკუთარი მოთხოვნები წამოაყენა, მოგვიანებით კი ხელყუმბარითა და ოფიციალური ინფორმაციით, ნახევარი მილიონი დოლარით, რამდენიმე მძევალთან ერთად ბანკის შენობა დატოვა და მიიმალა.

ბადრი ესებუას შსს იმ დღიდან მოყოლებული ეძებს. 

აქვე შეგახსენებთ, რომ  "მთავარი არხის" ინფორმაციით, მან არა ნახევარი მილიონი, არამედ 4 მილიონი წაიღო.

თავდასხმა ბანკზე შუადღის საათებში მოხდა. ამ დრომდე უცნობია, როგორ შევიდა შეიარაღებული და სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ადამიანი ბანკის ფილიალში ისე, რომ არავის მისთვის ყურადღება არ მიუქცევია. 

ბანკში შეჭრილი ესებუა პირველად კონტაქტზე "მთავარი არხის" საშუალებით გამოვიდა. მან ერთერთ მძევალს, ირაკლი კვარაცხელიას აიძულა "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორთან დაერეკა და საკუთარი მოთხოვნები გაეხმოვანებინა. სწორედ "მთავარის" ეთერიდან გახდა ცნობილი რომ ის ნახევარ მილიონ დოლარს, ვერტმფრენსა და უსაფრთხოებას ითხოვდა.

მალევე ნიკა გვრამიამ განმარტა, როგორ გამოვიდა ხაზზე თავდამსხმელი და მიმოწერის ამსახველი ფოტომასალაც გაავრცელა.

21 ოქტომბერს, რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შემდეგ, ბანკში სამეგრელოს პოლიციის მაღალჩინოსანი, ავთანდილ გალდავა შევიდა, რომელმაც თავდამსხმელს ფულით სავსე ჩანთა მიუტანა.

პირველი კადრები, როცა თავდამსხმელმა ოთხ მძევალთან ერთად შენობის დატოვება დაიწყო, პირდაპირ ეთერში 21:59 წუთზე გავიდა. აქედან ზუსტად 9 წუთში "საქართველოს ბანკის" შენობა სამართალდამცავებმა დაიკავეს.

ესებუას კვალი სოფელ კირცხიდან იკარგება. 

ინფორმაცია, რომ "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი სენაკის მეორე ბატალიონის სამხედრო ბადრი ესებუა იყო, პირველად "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა გაავრცელა.

განცხადება ნიკა გვარამიამ, 26 ოქტომბრის "მთავარი აქცენტების" სპეციალურ გამოშვებაში გააკეთა.

ნიკა გვარამიას მიერ, 112-ში განხორციელებული ზარით შეიტყო შსს-მ ისიც, რომ ბადრი ესებუა მარტო არ მოქმედებდა. "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა მის მიერ მოპოვებული კონფიდენციალური ინფორმაცია მიაწოდა შსს, რომ ესებუას თანამზრახველი ასევე სენაკის მეორე ქვეითთა ბრიგადის სამხედრო დავით ხვიბლიანი იყო, რომელიც მძევლის როლს თამაშობდა.

"მთავარი არხის" მიერ გასაჯაროებულ კადრებში ჩანს, რომ ის ესებუას ფარულად ესაუბრებოდა. 

ხვიბლიანი შსს-მ გამოკითხა, თუმცა, გამოკითხვის შემდეგ სამხედრო გაუჩინარდა. ამავდროულად, გაბათილდა გამოკითხვისას ხვიბლიანის მიერ ბანკში მისვლის მიზეზად დასახელებული არგუმენტი, თითქოს იმ დღეს ხელფასის ასაღებად იყო მისული - "მთავარმა არხმა" გაარკვია, რომ ხვიბლიანს სესხი ჰქონდა აღებული და ხელფასიდან თანხა ეჭრებოდა, გაირკვა ისიც, რომ სენაკის ბრიგადის სამხედროებს ხელფასი 21 რიცხვში არ ერიცხებოდათ.

რაც შეეხება შსს-ს პოზიციას. უწყებამ ნიკა გვარამიას ინფორმაციის გავრცელების შემდეგ დაადასტურა, რომ თავდამსხმელი ნამდვილად ბადრი ესებუაა. 

28 ოქტომბერს, თავდაცვის სამინისტრო ირწმუნებოდა, რომ  ესებუა თავდაცვის ძალებში არ ირიცხებოდა და ის სამსახურიდან 2019 წლის ივლისში გაათავისუფლეს.

ბადრი ესებუას ოჯახი კი რამდენიმე დღე ამბობდა, რომ ის თბილისში იყო და მალე დაბრუნდებოდა

რამდენჯერმე ჩატარდა ჩხრეკა ესებუებისა და მათი ახლობლების სახლებში. 

თუმცა მალევე ცნობილი გახდა ასევე "მთავარი არხის" ინფორმაცია, რომ ბადრი ესებუა კიდევ ერთხელ გაექცა პოლიციას. 

26 ოქტომბერს, შსს-მ "საქართველოს ბანკზე" თავდასხმა ტერორისტულ აქტად გადააკვალიფიცირა.

27 ოქტომბერს, ბათუმში ჩასულმა შს მინისტრმა თქვა, რომ ესებუას მოსაძებნად უწყებას, "შესაძლოა 1 თვეც დასჭირდეს"

27 ოქტომბერს, "მთავარმა არხმა" ბადრი ესებუას გადაადგილების ამსახველი ფოტომასალა გაავრცელა, რომელიც ჩვენი ინფორმაციით, ზუგდიდში იყო გადაღებული, თუმცა შსს-მ ინფორმაცია უარყო და თქვა, რომ კადრები 6 ოქტომბრისაა და სამეგრელოს სხვა მუნიციპალიტეტშია გადაღებული.

"მთავარი არხი" სპეცოპერაციის დღეებში მუდმივად თანამშრომლობდა შსს-სთან; 

უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, ნინო გიორგობიანს სწერდა შეტყობინებებს ნიკა გვარამიაც, თუმცა უწყებიდან პასუხი არ გაუცია არავის, როგორ უნდა ემოქმედა ტელეკომპანიას მაშინ, როცა შეიარაღებული თავდამსხმელი მძევალს ტელევიზიაში დარეკვას აიძულებდა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი