"მადლობა რუსეთს" - საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, სტეფანაკერტში სკოლა გაიხსნა

გამოქვეყნდა:

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დედაქალაქში ბავშვებს სკოლაში სიარული ისევ შეუძლიათ - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

"სტეფანაკერტში სასწავლო პროცესი სექტემბერში, საომარი მოქმედებების გამო, შეწყდა. ახლა კი, ცხოვრება ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება. რუსი სამშვიდობოები ადგილობრივებს რესპუბლიკის აღდგენაში ეხმარებიან", - წერს რუსული საინფორმაციო სააგენტო.

ადგილობრივები სკოლის გახსნისთვის მადლობას რუსეთის პრეზიდენტს უხდიან. როგორც რუსული საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებული ფოტომასალიდან ჩანს, მოსწავლეები სკოლის შესასვლელთან ვლადიმერ პუტინის სურათებით დგანან.

აღსანიშნავია ისიც, რომ სკოლის გახსნის ღონისძიებას რუსეთის "სამშვიდობო მისიის" წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

”ეს პირველი სკოლაა, ჩვენი გეგმები დიდია”, - თქვა სამშვიდობო მისიის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა.

10 ნოემბერს კი, სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებთან ერთად, მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოაწერა ხელი. ადგილზე რუსული "სამშვიდობო" ძალები შედიან.

შეთანხმების მიხედვით, ფაშინიანი ვალდებულებას იღებს, 20 ნოემბრამდე დაუბრუნოს აზერბაიჯანს სომხეთის კონტროლის ქვეშ მყოფი აღდამის რაიონი. 25 ნოემბრამდე სომხეთი აზერბაიჯანს დაუბრუნებს კელბაჯარის რაიონს, ხოლო 1 დეკემბრამდე - ლაჩინის რაიონს. სამაგიეროდ, სომხეთი იტოვებს 5 კილომეტრის სიგანის ლაჩინის დერეფანს, რომლითაც სომხეთი შეინარჩუნებს მიმოსვლას მთიან ყარაბაღთან. 

შეგახსენებთ, რომ 20 ნოემბერს აზერბაიჯანს აღდამის რეგიონი, 25 ნოემბერს კი, კალბაჯარის რაიონი გადაეცა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი