რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო - ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი 7 დეკემბერს განახლდება

გამოქვეყნდა:

"მაშ ასე, რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო", - ასე ეხმაურება "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი საქალაქო სასამართლოში მისი პროცესის გაგრძელებას. გვარამიას განცხადებით, სასამართლოდან დაურეკეს და უთხრეს, რომ პროცესი 7 დეკემბერს განახლდება.

მისი თქმით, დათმობაზე წასვლას არ აპირებს და ურჩევნია, რომ ციხეში წასვლით ივანიშვილს ნიღაბი კიდევ უფრო ჩამოხადოს.

გთავაზობთ პოსტს სრულად:

"მაშ ასე, რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო. საქალაქო სასამართლოდან დამირეკეს, 7 დეკემბერს თქვენი პროცესები განახლდებაო. ეტყობა ძაან საშურია კორონა პანდემიის პიკში და თან წინასაახალწლოდ ჩემი დაჭერა და ნეიტრალიზაცია. ან სავაჭრო თემად გამოიყენებენ მოლაპარაკებების დროს, სადაც ტყვეებით ვაჭრობა ეტყობა მოსულა, თან დიპლომატიური დაკვირეების პირობებში.

ღიად ვაცხადებ, რომ არც ერთ მოლაპარაკებაში არ ვსაჭიროებ ჩემი საკითხის გამო ოცნების ტყვეებით მოვაჭრე ტერორისტულ რეჟიმთან რაიმე დათმობაზე წასვლას. გმადლობთ, მირჩევნია ჩემი ციხეში წასვლით კიდევ უფრო ჩამოვხადო ნიღაბი ივანიშვილს და კიდევ უფრო დავაჩქარო მისი სანაგვეზე გადაგდება, ვიდრე რაიმე დათმობით მისი რეჟიმისთვის გახანგრძლივებას შევუწყო ხელი.

რვა მარტის შეთანხმება ხომ გახსოვთ, აი, ნაწილობრივ პროპორციულთან ერთად ჩემი და სხვა პოლიტმოტივირებული საქმეები რომ გაჩერდა იმავე ელჩების მონაწილეობით, დღესაც რომ მედიატორობენ. ხოდა, როგორ სრულდება, კი ხედავთ. ამიტომ, ოცნებასთან მოლაპარაკებას აზრი არა აქვს, სუფთა პრაგმატულად. იდეალისტურად კი, ელჩებით თუ უელჩოდ, ქართული ოცნება არის ტერორისტი და ტყვეებით მოვაჭრე, და ტერორისტებთან მოლაპრაკება არ შეიძლება.

ელჩების გამკვირვებია, ტყვეთა ბაზარში რატომ იღებენ მონაწიოეობას, რატომ არიან ჩართული პროცესში, სადაც ქართული ოცნება შანტაჟის მიზნით ტყუილად დაკავებულ ან დასაკავებელ ადამიანების თავისუფლებით ვაჭრობს? ესე არაა ცხადი, რომ ადამიანები ტყუილად არიან დაჭერილები და დასაჭერად გამზადებულუები? თუ აქაც ოქმები და დასაბუთებაა საჭირო ფატალურობის დასადგენად? ან, რომელი შეთანხმება იქნა დაცული, სადაც გარანტორებად იგივე ელჩები იდგნენ? რომელი ერთი არ დაარღვია ოცნებამ? თუ ოცნებისგან ქრონიკული გადაგდება მოსულა?

უხერხული აღარ, უკვე სირცხვილია", - წერს ნიკა გვარამია.

"მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს დამამძიმებელ გარემოებებში ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას. თუ ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგება ადამიანის უფლებათა ცენტრში ამბობენ, რომ ეს საქმე სტრასბურგში გასაჩივრდება.

2019 წლის ანგარიშში სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიება უსაფუძვლოა და ის საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო. მისი თქმით, საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები საერთოდ არაა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი