"ქართულ ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელი ისევ გიორგი გახარია იქნება, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ის "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიის პირველი ნომერია, მისი კანდიდატურა უმრავლესობამ პრეზიდენტს უნდა გადაუგზავნოს.
სალომე ზურაბიშვილის თანხმობის შემდეგ კი, გახარიას პრემიერმინისტრად პარლამენტი დაამტკიცებს.
ამის შემდეგ, მთავრობის მეთაური მინისტრთა კაბინეტს წარადგენს. ჯერჯერობით უცნობია, ვინ დატოვებს თანამდებობას და ვინ დარჩება მთავრობის შემადგენლობაში.
დღევანდელ სხდომაზე გიორგი გახარიამ საკანონმდებლო ორგანოს უფლება-მოსილების შეჩერების შესახებ უკვე მიმართა.
"ჩვენ გვექნება კონსულტაციები გიორგი გახარიასთან, ის წარმოაგდენს უმრავლესობის წინაშე მთავრობის ახალ შემადგენლობას და ამის საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას", - ამბობს "ქართული ოცნების" ერთერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე.
აღსანიშნავია, რომ იუსტიციის მინისტრის პოსტი ამ დრომდე ვაკანტურია და ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაიკავებს თეა წულუკიანის ადგილს.
თავად წულუკიანი კი დღეს განათლების კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნეს.
"ქართულმა ოცნებამ" ერთპარტიულ პარლამენტში კომიტეტების თავმჯდომარეები აირჩია