"ახლა მიიღებთ ნიკა გვარამიას კვადრატში" - ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი ახალ წლამდე განახლდება

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია, ამბობს, რომ მას დღეს დაჭერით და ქონების ჩამორთმევით დაემუქრნენ. თუმცა, მისი თქმით, არავითარი ქონება, გარდა მეუღლის სახელზე გაფორმებული და ბანკში ჩადებული აგარაკისა, არ გააჩნია.

ამასთან, როგორც "მთავარი არხის" დირექტორი ამბობს, საქმის კურსში არიან ფასილიტატორი ელჩებიც, რომელთაც მიზეზად გვარამიას ანტიდასავლური პოზიცია მოუყვანეს.

"დღეს შემომითვალეს: ახალ წლამდე კვლავ განახლდება შენი საქმე, უსწრაფესად დაგიჭერთ და მთელ ქონებას ჩამოგართმევთ რ2ისთვის ზიანის ანაზღაურების ანგარიშში. არ დაუზუსტებიათ, რას ჩამომართმევენ. არავითარი ქონება არ გამაჩნია. ერთადერთი, ჩემი ცოლის, სოფოს სახელზეა უსახსრობის გამო დაუმთავრებელი აგარაკი ბეთანიაში, ისიც ბანკში ჩადებული. ეტყობა ფეხსაცმელს, ტანსაცმელს და სათვალეებს გულისხმობდნენ .

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ ყველაფერზე საქმის კურსში ჩააყენეს ფასილიტატორი ელჩებიც, რომელთაც მიზეზად ჩემი ანტიდასავლური პოზიცია მოუყვანეს. ჩემი. ანტიდასავლური თან, დასავლური პოზიციების დაცვა რომ დაჭერებითაა თურმე გამართლებული.

მოკლედ, აწი გინდ ელაპარაკეთ ამ ტერორისტებს და ტყვეებით მოვაჭრეებს, გინდ არა. უბრალოდ, არავინ გაბედოთ ჩემი ბედით მოლაპარაკება/ვაჭრობა! შეშინებული ნიკა გვარამია არ არსებობს. და თუ აქამდე იყო უბრალოდ ნიკა გვარამია, ახლა მიიღებთ ნიკა გვარამიას კვადრატში!", - წერს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, რომ როგორც ნიკა გვარამიას 1 დეკემბერს სასამართლოდან შეატყობინეს, მისი პროცესი 7 დეკემბერს უნდა განახლებულიყო, თუმცა 2 დეკემბერს სასამართლო პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო

"მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს დამამძიმებელ გარემოებებში ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას. თუ ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგება ადამიანის უფლებათა ცენტრში ამბობენ, რომ ეს საქმე სტრასბურგში გასაჩივრდება.

2019 წლის ანგარიშში სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიება უსაფუძვლოა და ის საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო. მისი თქმით, საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები საერთოდ არაა.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი