უფუნქციო კლინიკა ბათუმში - ნახევრად დასრულებული შენობა, რომლის მშენებლობაში 22 მილიონი დაიხარჯა

გამოქვეყნდა:

ბათუმის ცენტრში, მრავალსართულიანი შენობის აშენებაში, სახელმწიფომ 22 მილიონი ლარი დახარჯა. მშენებლობა 2016 წელს დაიწყო და წესით ახლა აქ 170 საწოლზე გათვლილი თანამედროვე სახელმწიფო საავადმყოფო უნდა იყოს, თუმცა კლინიკა არ გახსნილა და შენობაც უფუნქციოდ დგას. 

ირკვევა, რომ ხელისუფლება, რომელიც საწოლ ადგილებს ეპიდემიის ფონზე სანთლით ეძებს და პალატების გამოყოფას კერძო კლინიკებს სთხოვს, არ ყიდულობს სამედიცინო აპარატურას ახალი სახელმწიფო საავადმყოფოსთვის. 

ეჭვს, რომ  სახელმწიფო საავადმყოფოსთვის აპარატურა კორუფციული გარიგების გამო არ იყიდეს, 2019 წლის ბიუჯეტის მონაცემებიც აძლიერებს. მონაცემების მიხედვით, ფული ადგილობრივ ბიუჯეტშიც იყო და ცენტრალურშიც, თუმცა აპარატურა მაინც არ იყიდეს. 

ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს აშენება შპს სტადიონს დაევალა. კომპანიის 100 პროცენტიანი წილის მფლობელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა. შპს სტადიონმა ახალი კლინიკის ასაშენებლად სამშენებლო კომპანია საბა კონსტრაქშენი დაიქირავა. სამშენებლო კომპანიამ ვადები რამდენჯერმე დაარღვია, თუმცა არც ჯარიმა დაკისრებია და არც პასუხისმგებლობა. კომპანიის წარმომადგენელი ამბობს რომ გარკვეული ხარვეზებია რის გამოც მისი ექსპლუატაციაში მიღება ვერ ხერხდება. 

სრული უპასუხისმგებლობა და ხალხის ფულის გაფლანგვა - ასე აფასებს ოპოზიცია ბათუმის ახალი საავადმყოფოს ჰაერში გამოკიდებულ პროექტს

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ამ თემაზე საუბრისას ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში კლინიკა დაუყოვნებლივ გაიხსნება, თუმცა ასეთ შემთხვევაში როგორ მოხდება საავადმყოფოს აღჭურვა და მედ პერსონალის მობილიზება, ამას მინისტრი არ აკონკრეტებს. 

როგორც "მთავარისთვის" გახდა ცნობილი, შენობის აღჭურვისთვის საჭირო თანხები ბიუჯეტში არც ამჯერად არის გამოყოფილი. აჭარის ნესტიანი ჰავის პირობებში კი დაკეტილი შენობა ნადგურდება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი