პირველი კრიტიკული ჩავარდნა ეპიდემიასთან ბრძოლაში - ხელისუფლება აღიარებს, რომ უხარისხო ტესტები შეიძინა

გამოქვეყნდა:

პირველი კრიტიკული ჩავარდნა ეპიდემიასთან ბრძოლაში - ხელისუფლება იძულებულია აღიაროს, რომ უხარისხო ტესტები შეიძინა. სწრაფი და მასობრივი ტესტირება ისევ ვერ დაიწყება. ჩინურმა კომპანიამ საკუთარი პროდუქცია უკან გაიწვია. ჯანდაცვის სამინისტროში კი კერძო ლაბორატორიების ხელმძღვანელები დაიბარეს. ხელისუფლება გამოსავალს ეძებს, რადგან ეპიდემიის პიკის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე სწრაფი ტესტების გარეშე რჩება.

არადა ჩინურ კომპანიასთან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ხელშეკრულება 215 ათასი სწრაფი ტესტის შემოტანაზე უკვე გააფორმა და ამაში ბიუჯეტიდან მილიონ 200 ათასი ლარი უნდა გადაეხადა. 

სკანდალი სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით დაიწყო მას შემდეგ რაც უცხოურ მედიაში გამოჩნდა სტატია. უცხოური მედიის ცნობით, ესპანეთმა და ჩეხეთმა ამ ტესტების გამოყენებაზე უარი თქვა. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მხოლოდ ამის შემდეგ აღიარა, რომ ხელშეკრულება სწორედ ამ ჩინურ კომპანიასთან ჰქონდა გაფორმებული. ქართველი ინფექციონისტები ამბობენ, რომ ამ ტესტების შესახებ არაფერი იცოდნენ. ჯანდაცვის მინისტრი კი აცხადებს, რომ ყველა ტესტმა, რომელიც საქართველოში შემოვა შემოწმება ლუგარის ლაბორატორიაში უნდა გაიაროს. 

ამ დროისთვის საქართველოში 1000 სწრაფი ტესტია ჩამოსული. სამინისტროში არ პასუხობენ კითხვას, რომელი კომპანიისგან მიიღეს ეს ტესტები, თიკარაძის მოადგილე ამბობს, რომ ინფორმაცია კომერციული საიდუმლოებაა. 

რის მიხედვით არჩევს ჯანდაცვის სამინისტრო სწრაფი ტესტების მომწოდებელ კომპანიებს უცნობია. ოპოზიციას საკუთარი ვერსია აქვს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი დარწმუნებულია, რომ ჩინურ კომპანიას რომლის პროდუქციაც უვარგისი აღმოჩნდა საქართველოს მთავრობაში ლობისტები ჰყავს. 

ამ დროისთვის უცნობია როდის შემოვა საქართველოში კოვიდ19-ის დასადგენი ტესტები და რა დაუჯდება ის საქართველოს ბიუჯეტს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი