"ნაციონალურმა მოძრაობამ" ირანული ქვების კორუფციული სქემა გაშიფრა - ქართული კომპანია "როიალ სტოუნ გრუპის", საიდანაც "გრინსერვისმა" ქვები იყიდა , ერთერთი დამფუძნებელი "ქართული ოცნების" დეპუტატის, ედიშერ თოლორაიას, ნათესავია.
"გრინსერვისში" ამბობენ, რომ ქვების წარმომავლობას მნიშნველობა არ აქვს და მათ არ გამოუთხოვიათ "როილ სტოუნ გრუპისგან" ინფორმაცია ქვების წარმომავლობაზე.
"როიალ სტოუნ გრუპის" იურიდიული მისამართი საჯარო რეესტრის მონაცემებით, გოთუას 24–ნომერია, თუმცა ამ მისამართზე, საცხოვრებელი სახლია, რომელშიც ლევან გორდულავა, კომპანიის ერთერთი დამფუძნებელი ცხოვრობს.
გორდულავა გრინსერვისთან კავშირს უარყოფს და ამბობს, რომ კომპანია 2016 წელს დაარსა, თუმცა საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანია 2019 წელსაა დაფუძნებული.
"ეს კომპანია საერთოდ გახსნილია, თორემ მუშაობით არ მუშაობს, 2016–ში თუ 2017 –ში ასე. არანაირი კომუნიკაცია არ მქონია, "გრინსერვისთან" არანაირი კავშირი და ხელშეკრულება არ მაქვს" – ამბობს ლევან გორდულავა.
"გრინსერვისის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე კი ლევან ხაბეიშვილის ბრალდებას, რომ ქვები ირანული კომპანიისგან შეისყიდეს უარყოფს და ამბობს, რომ ირანული მხოლოდ ტომრებზე არსებული წარწერაა:
"როიალ სთოუნია კომპანია, იმ კომპანიისგან, რომელზედაც ოპოზიციამ წაიმტვრია კბილი, ის კომპანია ამ ქვის მწარმოებელი არ არის, ის არის ქიმიური კომპანია, რომელიც აწარმოებს ოლიდინი ქლორიდს, რომელიც აწერია მაგ ტომარას, როდესაღაც ამ ტომარაში ქლორიდი ეყარა, შემდეგ ამ ნახმარ ტომარას იღებს სხვა კომპანია და შიგნით ყრის თავის პროდუქტს" – ამბობს "გრინსერვისის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე
კომპანია Arvand Petrochemical Company-ს , რომლისგანაც ენმ-ს ინფორმაციით, თბილისის მერიამ სამშენებლო მასალა შეიძინა, სანქცია 2019 წელს, ირანის ისლამურ რევოლუციურ გუშაგთა კორპუსის ფინანსური მხარდაჭერისთვის აქვს დაწესებული.
ვინ და რატომ დაუწესა ირანულ კომპანიას სანქციები - ნახეთ აქ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ სამშენებლო მასალა აშშ-ს სანქცირებული ირანული კომპანიისგან სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადახდილი სოლიდური თანხით შეიძინა.
ავტორი: ნინო ღვედაშვილი