ანანურის ციხე-სიმაგრე საფრთხეშია

გამოქვეყნდა:

უხეშად შელესილი ქონგურები, ეზოში დაყრილი სამშენებლო მასალა და იარაღები - ასე დატოვეს ხელოსნებმა მეცამეტე საუკუნის ძეგლი. მონაზონი მარიამი ამბობს, რომ რესტავრატორებმა ძეგლის იერსახის აღდგენა სცადეს და ფერებს შორის არსებული ცდომილება წლების განმავლობაში აღმოიფხვრება.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე - ქვისა და აგურის ქონგურების რეაბილიტაცია ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა, დღეს მოქალაქეებს რჩებათ შთაბეჭდილება, რომ რესტავრატორებმა არაპროფესიონალურად იმუშავეს და ძეგლის იერსახე დაამახინჯეს.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის არასწორი რეაბილიტაციის მისამართით კითხვები აქვთ კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტებს. დავით ხვიშტარის შეფასებით, ანანურის ციხე-სიმაგრე  უხარისხო და არაავთენტური მასალითაა მოპირკეთებული, რამაც შესაძლოა მომავალში ძეგლი კიდევ უფრო დააზიანოს.

კომპანია, რომელმაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია გააკეთა, შპს ხაზია, რომელიც 2019 წელს დაფუძნდა, მფლობელი კი ნატალია კვარაცხელიაა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დამფინანსებელი კი ფონდი ქართუა. ნატალია კვარაცხელიასთვის საზოგადოების კრიტიკა მიუღებელია და ამტკიცებს, რომ მისი კომპანიის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე დამკვეთს პრეტენზია არ გამოუთქვამს. ამბობს, რომ მას ტენდერში მონაწილეობა არ მიუღია და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდთან კონტრაქტი მოლაპარაკების შემდეგ გააფორმა.

რეაბილიტაციაზე ნებართვა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტომ გასცა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში კითხვის ნიშნებს არ უჩენთ ის ფაქტი, რომ კომპანია, რომელსაც რეაბილიტაცია დაეკისრა მხოლოდ რამდენიმე თვეა, რაც დაფუძნდა და საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს არარეალისტურად მიიჩნევენ.

6-თვიანი სამუშაოების დასრულების შემდეგ, შპს "ხაზმა" კულტურული ძეგლის ტერიტორია ისე დატოვა, რომ სამშენებლო მასალები არ გაუტანია. როგორც კომპანიაში იმედოვნებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მომავალშიც თავად გააგრძელებენ. მომდევნო ეტაპსაც ისინი განახორციელებენ.

ავტორი: ნინო ღვედაშვილი

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი