თქვენ გჭირდებათ აპოკალიფსი -თენგიზ ცერცვაძე ჯანდაცვის ექსპერტს პასუხობს

გამოქვეყნდა:

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე განცხადებას Facebook-ზე ავრცელებს, სადაც წერია, რომ მედიაში არასწორი ინფორმაცია გავრცლედა იმის შესახებ, რომ ის შეზღუდვების გამკაცრებას მხარს უჭერს. ცერცვაძე განმარტავს, რომ მომხრეა პირველი თებერვლიდან რეგულაციების შემსუბუქების და ამბობს იმასაც, რომ ამის პარალელურად არსებულ რეგულაციებზე (პირბადის ტარება, სოციალური დისტანცირება და სხვა) კონტროლი უნდა გამკაცრდეს.

"სამწუხაროდ, პოლიტიკურად ანგაჟირებულმა ზოგიერთმა მედია საშუალებამ, როგორც სჩვევიათ, არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს მოსახლეობას, რომ თითქოს მე მხარს ვუჭერ შეზღუდვების და რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრებას, რამაც ნეგატიური გამოხმაურება გამოიწვია ცალკეული პირების მხრიდან, ხოლო ბ-ნმა სერგო ჩიხლაძემ ჩემს ამ „განცხადებას“ (რომელიც არ გამიკეთებია) ქვეყნისთვის მავნებლური უწოდა. სინამდვილეში მე მსგავსი არაფერი მითქვამს.

ქ. ქუთაისში COVID კლინიკების ექიმებთან შეხვედრის დროს ტელევიზიებთან ინტერვიუში მე სიტყვა-სიტყვით ვთქვი (და ეს ყველგან დაფიქსირებულია), რომ მხარს ვუჭერ ა.წ. 1 თებერვლიდან შეზღუდვების შემსუბუქებას/მოხსნას, მაგრამ ერთი პირობით, რომ პარალელურად გამკაცრდება არსებული ძირითადი რეგულაციების (პირბადის ტარება, სოციალური დისტანცირება და ა.შ.) შესრულებაზე კონტროლი. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ეს პრინციპულად, აბსოლუტურად სხვა რამეა", - წერს თენგიზ ცერცვაძე 

ცერცვაძე თავის განცხადებაში ჯანდაცვის ექსპერტს სერგო ჩიხლაძეს პასუხობს და ამბობს, რომ ჩიხლაძესა და მის თანამოაზრე „ჰეითერებს“ აღიზიანებთ ის, რომ ცდილობს, რაც შეიძლება მეტი COVID-19-ით ინფიცირებული გადარჩეს და ქვეყანა რაც შეიძლება უკეთესად და ნაკლები დანაკარგებით გაუმკლავდეს ვირუსს. მისივე თქმით, მათ სჭირდებათ აპოკალიფსი, რომ შემდეგ მოსახლეობა აამხედრონ ქვეყნის ხელმძღვანელობისა და ექიმების წინააღმდეგ.

"რაც შეეხება ბ-ნ სერგო ჩიხლაძის განცხადებას ჩემს „მავნებლობაზე“, ძალიან სამწუხაროა, რადგან მიმაჩნდა, რომ ბ-ნი სერგო განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაციის მიუხედავად, სერიოზული, კვალიფიციური და მეტნაკლებად ობიექტური პიროვნება იყო, მაგრამ როგორც ჩანს, შევცდი. 
 

ბატონო სერგო!

თქვენ შესანიშნავად იცით, რომ ჩემი „მავნებლობა“ მხოლოდ და მხოლოდ იმაში გამოიხატება, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე თავდაუზოგავად ვცდილობ და მაქსიმუმს ვაკეთებ იმისთვის (და არც თუ წარუმატებლად), რომ რაც შეიძლება მეტი COVID-19-ით ავადმყოფი გადარჩეს და ქვეყანა რაც შეიძლება უკეთესად და ნაკლები დანაკარგებით გაუმკლავდეს COVID-19-ის პანდემიას. სწორედ ეს გაღიზიანებთ თქვენ და თქვენს თანამოაზრე „ჰეითერებს“ (სხვისი წარმატებისა და საკუთარი წარუმატებლობის მიმართ ფობია), რადგან ხელი გეშლებათ თქვენი მიზნების შესრულებაში.

თქვენ და თქვენს თანამოაზრეებს, მათ შორის ახლადშექმნილ ექიმთა ასოციაციიდან არაფერი, აბსოლუტურად არაფერი არ გაგიკეთებიათ ქვეყნის და მოსახლეობის დასახმარებლად, სულ მცირედითაც კი არ შეგიწუხებიათ ამისთვის თავი და მოქმედებთ პრინციპით „რაც უარესი, მით უკეთესი“.

თქვენ გჭირდებათ აპოკალიფსი, რათა შემდეგ მოსახლეობა აამხედროთ ქვეყნის ხელმძღვანელობის და ექიმების წინააღმდეგ. დაარწმუნოთ ადამიანები, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა, ჯანდაცვის სამინისტრო და კლინიკური ჯგუფი არაფერს და ვერაფერს აკეთებს მათ დასაცავად და ამის გადაფარვას მხოლოდ მკაცრი შეზღუდვებით და ისევ მოსახლეობის ეკონომიკური შევიწროვებით ცდილობს, რომ ჯანდაცვის სისტემა ჩამოშლილია, ხოლო მთავრობამ თავისი მოქალაქეები ბედის ანაბარად მიატოვა", - თქვა თენგიზ ცერცვაძემ 

შეგახსენებთ, რომ 14 იანვარს, სერგო ჩიხლაძემ თენგიზ ცერცვაძის განცხადებას "მავნებლური" უწოდა და თქვა, რომ "უფრო გამკაცრება ნიშნავს, რომ საერთოდ სახლებიდან აღარ გავიდეთ....და მერე ბატონი ცერცვაძე რას ფიქრობს? დამშეულ მოსახლეობას თვითონ გაუდაუხდის ხელფასს, ან თვითონ აჭმევს საჭმელს? ან გაკოტრებულ კლინიკებს დააფინანსებს? ეს არის მავნებლული განცხადება". 

 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი