ოპოზიციაში არჩილ თალაკვაძის ულტიმატუმს კიდევ ერთხელ პასუხობენ და ამბობენ, რომ მათთვის გაუგებარია, რატომ არ შეუწყდათ დეპუტატის უფლებამოსილება აქამდე, მაშინ როდესაც ამის შესახებ განცხადება რამდენიმე კვირის წინ დაწერეს.
"ჩვენ დაწერილი გვაქვს განცხადებები, იმიტომ, რომ არ ვცნობთ იმ პარლამენტის ლეგიტიმაციას, თუ არ იქნება ვადამდელი რიგგარეშე...", - ამბობს ხატია დეკანოიძე, "ენმ"-ს წარმომადგენელი.
"გირჩი - მეტი თავისუფლებას" წარმომადგენელი ზურაბ ჯაფარიძე კი თალაკვაძის წინადადებას იაფფასიან შანტაჟის მცდელობას უწოდებს და ამბობს, რომ დარწმუნებულია ოპოზიციის არცერთი წარმომადგენელი პარლამენტში ერთკვირიანი ულტიმატუმის გამო არ შევა.
"მანდატზე უარი მაქვს ნათქვამი ერთი თვის წინ, როცა პარლამენტში განცხადება შევიტანე ოფიციალურად. აქამდე რატომ არ დააკმაყოფილეს ესეც არ მესმის. არ მჯერა, რომ ახლა ვინმე არის ოპოზიციაში ვისაც განცხადება აქვს დაწერილი და ამ ერთ კვირიანი ულტიმატუმის გამო შევარდება პარლამენტში და განცხადებას უკან გამოიტანს. მორიგი იაფფასიანი შანტაჟის მცდელობაა", - ამბობს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ არჩილ თალაკვაძემ გუშინ, ალეკო ელისაშვილთან და ლევან იოსელიანთან შეხვედრის შემდეგ, ოპოზიციას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ "რჩება ერთი კვირა, რათა ოპოზიციურმა პარტიებმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე საკუთარ გადაწვეტილებებს და მოლაპარაკებების პირობებს გადახედონ და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღონ".