ხმაური იყო გუშინ საღამოს გორის დედათა და ბავშვთა ცენტრში. მშობიარე, ახალგაზრდა ქალის ოჯახი ჩვილის გაგუდვაში ექიმებს ადანაშაულებს.
მათი თქმით, 28 წლის ქალი სამშობიაროში 28 იანვარს, დილით შეიყვანეს, თუმცა პროცესი ექიმების დაუდევრობით გაჭიანურდა და საკეისრო კვეთა დაგვიანებით ჩატარდა, რაც ნაყოფის სიკვდილით დასრულდა.
ფაქტს ეხმაურებიან კლინიკის ადმინისტრაციაშიც.
,,დაფიქსირდა ნაყოფის ინტრანატალური სიკვდილი. მშობიარობამდე ორსული აღრიცხვაზე იმყოფებოდა სხვა კლინიკაში. მიმდინარეობს ფაქტის შესწავლა, ნაყოფის ინტრანატალური სიკვდილის შესახებ ეცნობა შესაბამის სამსახურს და დადგინდება მომხდარის მიზეზები",-აცხადებენ "იავნანაში".