ალეკო ელისაშვილმა არჩილ თალაკვაძის კაბინეტში 2 საათნახევრიანი შეხვედრის შემდეგ, მედიასთან გამოაცხადა, რომ ის პარლამენტში შევიდა. მიზეზად კი ოცნებასთან გაფორმებული მემორანდუმი დაასახელა, რომელიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების ახალ წესს მოიცავს. ალეკო ელისაშვილი ამტკიცებდა რომ დოკუმენტში გაწერილი ყველა პუნქტის შესრულების პირობა მიიღო, თუ არადა აანონსებს რომ საკანონმდებლო ორგანოს ის და ლევან იოსელიანი ისევ დატოვებენ.
მოიხსნა თუ არა პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხი, პარტია მოქალაქეების მოთხოვნების დღის წესრიგიდან, ამ კითხვაზე პასუხი გაცემისგან ალეკო ელისაშვილმა თავი შეიკავა. მისმა თანაპარტიელმა ლევან იოსელიანმა კი აღიარა, რომ შეხვედრაზე ოცნების წევრებმა ამ თემაზე მსჯელობის შესაძლებლობა არ მისცეს. ამბობენ რომ პოლიტპატიმრების საკითხზე ახლა სხვა ოპოზიციონერებმა უნდა იმუშავონ ოცნებასთან.
მოლაპარაკების მთავარ წარმატებად არჩილ თალაკვაძემ ელისაშვილთან გაფორმებული მემორანდუმი დაასახელა და სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც მოუწოდა დოკუმენტს ხელი მოაწერონ, რადგან მეხუთე რაუნდის ბედიც ამაზე იქნება დამოკიდებული.
ოცნება-ელისაშვილის 3 გვერდიანი შეთანხმება კი ოპოზიციის მოთხოვნებს არ ასახავს და იქ ბიძინა ივანიშვილის გუნდმა მხოლოდ საკუთარი სურვილები ჩაწერა. მაგალითისთვის, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესიც გამოდგება. პარტიას რომელსაც პარლამენტის წევრის მანდატი არ აქვს, საარჩევნო კომისიის არცერთ დონეზე წარმომადგენელი ვერ ეყოლება.
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ყველა იმ ოპოზიციურმა პარტიამ უპასუხა, ვინც დეპუტატის მანდატის გაუქმებას ელოდება. ხელისუფლების ოპონენტები ოცნებას აფრთხილებენ, რომ მსგავსი დოკუმენტები სატყუარად ვერ გამოდგება და ხელისუფლებას მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებას ურჩევენ. პოლიტიკურ კრიზისს, მათი თქმით მხოლოდ რიგგარეშე არჩევნები განმუხტავს. ალეკო ელისაშვილის გადაწყვეტილებას არათანამიმდევრულ ნაბიჯად აფასებენ, მაგრამ ამბობენ რომ ეს მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
გირჩში კი რომელიც ოცნებასთან ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, ამბობენ რომ დოკუმენტზე ხელმოწერის გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვთ. ფიქრობენ, რომ ჯერ კიდევ არსებობს რესურსი მთავარი ოპოზიციური პარტია - ნაციონალური მოძრაობა - დაარწმუნონ პარლამენტში შევიდეს.
ოცნებას პოლიტიკური ვაჭრობისთვის კიდევ რამდენიმე დღე აქვს დარჩენილი. ოპონენტების დარწმუნება რომ მანდატებზე უარი არ თქვან, სამშაბათამდე გაგრძელდება. 2 თებერვალს საგაზაფხულო სესიაზე 51 ოპოზიციონერისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე კენჭისყრა უნდა გაიმართოს.