კარტოგრაფების გირაოთი გათავისუფლებას საქართველოს საპატრიარქო ეხმაურება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
მნიშვნელოვანია არა ის, თუ პიროვნულად ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა, არამედ გვაინტერესებს, მართლა ასხვისებს თუ არა ვინმე სახელწიფოს მიწებს? გვაქვს თუ არა შესაძლებლობა ამ პრობლემის მოგვარებისა? - ნათქვამია განცხადებაში, თუმცა არ მოსწონს "პათოსი" რომელიც ივერი მელაშვილის გათავისუფლებას მოჰყვა.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მელაშვილს ღიად უპირისპირდება და სახელმწიფოსგან მოითხოვს "საქმე ბოლომდე მიიყვანოს".
თუ სახელმწიფო აცხადებს, რომ გამოძიება წარმატებით მიმდინარეობს და ივერი მელაშვილმა ბრალი აღიარა, გაუგებრობას იწვევს ის პათოსი, რაც ვიხილეთ მისი გათავისუფლების პირველივე წუთებიდან. კერძოდ, სატელევიზიო ეთერში მისი კადნიერი განცხადება, რომ „ვიღაც ბერი... კელიებთან პოზირებას დაიწყებს“. ეს სიტყვები შეურაცხმყოფელია იმ ადამიანებისთვის, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია ჩიჩხიტურისა და უდაბნოს კომპლექსის პრობლემა. ამასთან, ეს პათოსი ხაზს უსვამს მის პირად დამოკიდებულებას ზოგადად ეკლესიის მიმართ და მეტყველებს მის ცნობიერებაში ამ საკითხის პრობლემად აღქმაზე.
როდესაც ქვეყნის სადარაჯოზე მდგომ სასულიერო პირებს ასე მოიხსენიებს, საკითხავია, რა სასარგებლო საქმე შეასრულა თავად მან კომისიაში მუშაობისას? როგორც ფარული ჩანაწერის მოსმენისას გავიგეთ, ის ამბობს, რომ ერთი გოჯი ვერ დაათმობინეს აზერბაიჯანს იქიდან, რაც მათ მოითხოვეს... და რა ეამაყება ან რა აძლევს ივერი მელაშვილს ასეთი კადნიერების საფუძველს? რა შესძინა მან ქვეყანას? მისი საქმიანობა ხომ მარტივად დაიყვანება აზერბაიჯანის მიერ მოთხოვნილი მიწების შეუპასუხებლად გაფორმებაზე?
სახელმწიფოს ტვირთია, სიტყვა აქციოს საქმედ და დღეს ასე აგორებულ ვნებათაღელვაში საზოგადოებასა და ეკლესიას დაუმტკიცოს, რომ გაჩენილი ეჭვები გარეჯის საკითხის პარტიულ-პოლიტიკურ კომბინაციებში გამოყენების შესახებ მხოლოდ ეჭვებია და აპირებს, ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოს - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში,