პუტინის არმიის კვალზე - კრემლის საიდუმლო ემისრებს საქართველოში სამმაგი აგენტი წარმოადგენს

გამოქვეყნდა:

საქართველოში საიდუმლოდ ოპერირებს კომპანია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა საომარ ზონებში გზავნის დაქირავებული ჯარიკსაცების არმიას.

"მორან სექურიტი გრუპი" - რუსეთის კერძო სამხედრო დაჯგუფება - შეიარაღებული დაქირავებული მკვლელები რომლებსაც ხშირად პუტინის პირად არმიად მოიხსენიებენ.

მთავარს დოკუმენტები მიაწოდეს. რითიც დგინდება, რომ რუსული სამხედრო დაჯგუფება უკვე საქართველოშია. საჯარო რეესტრის ამონაწერებში პირდაპირ იძებნება ოფიციალური სახელი მორან სექურიტი გრუპის ფილიალი საქართველოში. დოკუმენტში მითითებულ მისამართზე მივედით. გასაიდუმლოებული სამხედრო შენაერთის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია ყალბია. სახლი კერძო პირს ეკუთვნის და დაცვის კომპნიის შესახებ მან არაფერი იცის. 

რას საქმიანობს "მორან სექურიტი გრუპის" ფილიალი საქართველოში უცნობია, თუმცა, თავად ამ გაერთიანების შესახებ ბევრია ცნობილი და ინტერნეტ სივრცეშიც მასალა საკმარისზე მეტია. კერძო სამხედრო დაჯგუფება ოპერირებს მსოფლიოში ყველგან, სადაც საომარი მოქმედებებია და ატარებს მკაფიოდ კრემლის ინტერესებს. მისი წევრები არც მალავენ, რომ პროცესში სწორედ რუსეთის სასარგებლოდ ერთვებიან. 

მორან სექურიტი გრუპი, ვაგნერი და სლავიანსკი კორპუსი ეს არის სამი ყველაზე მსხვილი შეიარაღებული დაჯგუფება რუსეთში, რომლებიც ოფიციალურად კერძო დაცვის კომპანიად არიან გაფორმებულები, თუმცა, მსოფლიოს წამყვან მედია საშუალებებში არაერთხელ მოხვდა ინფორმაცია მათ შესახებ.

რუსეთის კერძო სამხედრო დაჯგუფებები აქტიურად იყვნენ ჩართულები სირიასა და უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში. ცნობილია ფაქტი, როდესაც დაჯგუფება ვაგნერის წევრებს შეიარაღებული შეტაკება ჰქონდათ ამერიკის ძალებთან სირიაში. ამ დროს ვაგნერის 300-მდე მებრძოლი დაიღუპა. მაშინ, რუსეთის ფედერაცია იძულებული გახდა ვაგნერის ორი ხელმძღვანელი საჩვენებლად დაესაჯათ და ისინი დროებით ციხეში ჩასვეს. თუმცა, ამ დაჯგუფებების მიმართ რუსეთის პრეზიდენტი სიმპათიას არასოდეს მალავს და მათ საჯარო გამოსვლებშიც უჭერს მხარს.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით მორან სექურიტის ფილიალი საქართველოში, ვინმე - ლევან ჩარკვიანმა დააფუძნა. "მთავარმა" მისი ბიოგრაფიიდან რამდენიმე საინტერესო დეტალი აღმოაჩინა. ირკვევა, რომ ლევან ჩარკვიანი დაიბადა რუსეთში. 1991 წელს დაამთავრა კიროვის სახელობის კასპიის უმაღლესი სამხედრო- საზღვაო სასწავლებელი. ის დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა ლატვიაში და მუშაობდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის ბიუროში. 2013 წელს ჩარკვიანი რუსეთში დააკავეს და მას სამშობლოს ღალატის მუხლი წარუდგინეს, ბრალად ედებოდა რუსეთის წინააღმდეგ ნატოს სასარგებლოდ ჯაშუშობა. მისმა დაკავებამ კითხვები გააჩინა ლატვიაში, თუ ჩარკვიანი რუსეთის მოქალაქე იყო, რატომ მუშაობდა ლატვიის უშიშროების სამსახურში. ლევან ჩარკვიანმა დანაშაული აღიარა, თუმცა, რატომღაც მალევე გაათავისუფლეს. გამოძიების ინფორმაციით, მან გადაიბირა და ჯაშუშად აქცია ლუგანსკში ყოფილი სამხედრო ჟურნალისტი ვალენტინ ვესელოვი მეტსახელად - ელფი. რომელსაც სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ლევან ჩარკვიანის შესახებ უცხოური მედია ხშირად წერდა. წარდგენილი უმძიმესი ბრალდების მიუხედავად ის ციხეში არ ჩასვეს. ამ ფაქტმა კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა. გაურკვეველი მისიით ჩარკვიანი 2017 წელს საქართველოში ჩამოდის. იღებს საქართველოს მოქალაქეობას და იძებნება ერთიან ამომრჩეველთა სიაშიც. ჩვენ მის მიერ მითითებულ ოფიციალურ მისამართზე მივედით. ბინა გაქირავებულია. მეზობლები კი გვეუბნებიან, რომ ჩარკვიანები აქ უკვე ძალიან დიდი ხანია არავის უნახავს.

რა მიზნით ჩამოვიდა საეჭვო ბიოგრაფიის მქონე ლევან ჩარკვიანი საქართველოში და რა მიზნით დააფუძნა რუსი დაქირავებული სამხედროების გაერთიანება ამაზე მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა შეგვიძლია. იციან თუ არა ქართულმა სპეცსამსახურებმა, რა ორგანიზაცია დაფუძნდა ქვეყანაში და რას საქმიანობს. ვცადეთ ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრისგან შეგვეტყო, თუმცა, ვახტანგ გომელაურმა კითხვაზე პასუხი არ გაგვცა.

ის რაც შინაგან საქმეთა მინისტრისთვის ღიმილისმომგვრელი და აბსურდულია საკმაოდ სერიოზული საფრთხის მატარებელია იმ ადამიანებისთვის, ვინც წლების განმავლობაში ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა. რას საქმიანობენ ეს რუსული ორგანიზაციები კარგად იცის უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა, ბათუ ქუთელიამ და შიშობს, რომ მტრული სახელმწიფო დიდი პროვოკაციისთვის ემზადება.

პუტინის პირადი არმიის ფილიალის გახსნა საქართველოში საგანგაშოა გენერალი გიგი კალანდაძისთვის. მისთვის მთავარი კითხვა არის, როგორ მოხდა "მორან სექურიტი გრუპის" წარმომადგენლობის ოფიციალური გახსნა საქართველოში და როგორ აკონტროლებენ მათ საქმიანობას ქართული სპეცსამსახურები.

პუტინის პირადი არმიის შესახებ საკმარისზე მეტი ინფორმაცია აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს. შოთა უტიაშვილი გვიყვება, რომ ქვეყანაში შემოღწევის სურვილი რუსულ სპეცსამსახურებს ადრეც ჰქონდათ, თუმცა, სახელმწიფო ამის საშუალებას მათ არ აძლევდა. დღეს როდესაც ქვეყანას რუსეთში გამდიდრებული ოლიგარქი მართავს, რომელიც კრემლის ინტერესებს ღიად ატარებს "მორან სექურიტის" გამოჩენა საქართველოში გასაკვირი არც არის.

ის რაც ყველასთვის ცხადია, როგორც ჩანს ნაკლებ მნიშვნელოვანია ქართული სპეცსამსახურებისთვის. არავინ აკონტროლებს, რომ გაურკვეველი და საეჭვო ბიოგრაფიის მქონე ადამიანმა თავისუფლად დააფუძნა რუსული სამხედრო დაჯგუფების ფილიალი საქართველოში. რომლის მოქმედების შესახებაც შეგვიძლია მხოლოდ ვარაუდები და შიშები გამოვთქვათ. შიშის საფუძველი კი ნამდვილად არსებობს. თუ ამ დაჯგუფებების საქმიანობას გავითვალისწინებთ ნაკლებ სავარაუდოა, რომ ისინი საქართველოში ყვავილების მოსაშენებლად იყვნენ ჩამოსულები. გაურკვეველია ამ დროს ქართული სპეცსამსახურების და სახელმწიფოს პოზიცია. რატომ მისცეს პუტინის პირად დაქირავებულ სამხედროებს საქართველოში მოქმედების უფლება და როგორ აკონტროლებენ მათ საქმიანობას. ან აკონტროლებენ თუ არა საერთოდ.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი