მღვდელმთავრები კატეგორიულად უარყოფენ "რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც სინოდის სხდომაზე შესაძლოა პატრიარქის გადაყენებაზე იყოს საუბარი. მათი თქმით, კათოლიკოს პატრიარქი იქამდე იქნება პოსტზე, სანამ ის ცოცხალია.
"თეოლოგები ვერ მოესწრებიან, ასე გადაეცით. მე არ ვიცი, რა საკითხები განიხილება, რადგან დღის წესრიგი ჩვენ გვეუწყება როცა დაიწყება სინოდი მაშინ, მაგრამ არ მგონია, რომ სიმართლე იყოს", - განაცხადა ახალქალაქისა და კუმურდოს კარის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა.
"მე ვერ დაგეთანხმებით, ეს არის სისულელე და ნაბოდვარი ვიღაცის. პატრიარქის გადაყენება ასე არ ხდება. საიდან მოსდით აზრი ადამიანებს. მეუფე პეტრეს განკვეთის შესახებ საკითხი შეიძლება ვიღაცამ შემოიტანოს. არ ვიცი წინასწარ, რადგან ადგილზე ვეცნობით ხოლმე რა საკითხებს განვიხილავთ სინოდის სხდომაზე", - განაცხადა ნიკორწმინდის ეპისკოპოსმა მეუფე ვახტანგმა.
სინოდის სხდომაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი სავარაუდოდ ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას საბოლოო განკვეთაც იქნება.
რელიგიის ექსპერტთა ასოციაციიამ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ 11 თებერვალს, სინოდის სხდომაზე მღვდელთავრები ილია მეორის ტახტიდან გადაყენებას განიხილავენ.