დიდი ლიახვის ხეობაში, რუსი ოკუპანტების მიერ მოწყობილი პოლიგონიდან სროლის ხმა ისმის - ოკუპანტები მასშტაბურ წვრთნას გადიან, საარტილერიო დანადგარების გამოყენების გამო კი ადგილობრივთა სახლები ზანზარებს.
"სროლის ხმა ძალიან ძლიერია, იმდენად, რომ სახლები ზანზარებს" - ამბობს დიდი ლიახვის ხეობის მკვიდრი.
სროლის ხმა ცხინვალთან ახლოს მდებარე ძარწემის პოლიგონიდან ისმის. სწორედ ეს პოლიგონია რუსი ოკუპანტების ძირითადი სასწავლო-სავარჯიშო ბაზა ცხინვალის რეგიონში.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ოკუპანტები წვრთნებსა და სწავლებებს ნიშანდობლივ თარიღებს ამთხვევენ - წვრთნები ტარდებოდა 2019 წელს როგორც 9 აპრილს, ასევე 26 მაისსაც.