ჯარში კორონავირუსის ეპიდემიაა - ღარიბაშვილის უწყება ინფორმაციას მალავს

გამოქვეყნდა:

მთავარმა იმ ინფიცირებული სამხედროს საცხოვრებელი სახლი გადაიღო, რომლის არსებობასაც თავდაცვის სამინისტრო მალავს. 47 წლის მამაკაცი საინჟინრო ბატალიონში თანამდებობაზე მსახურობს. მას ახალი კორონავირუსი 14 აპრილს დაუდგინდა და მას შემდეგ გორის ჰოსპიტალშია გადაყვანილი. სამხედრო პირს ვირუსი სავარაუდოდ საკუთარი თანამშრომლისგან გადაედო. ინფიცირებულის მეზობლები ადასტურებენ რომ ვირუსის დადასტურებამდე ის დაკვირვების ქვეშ იყო. 

მომხდარს "ქართლი ჯი"-სთან საუბარში ადასტურებს თავად ინფიცირებულიც. სამხედრო მოსამსახურე ყვება რომ ვირუსი მას სამსახურში ყოფნის დროს გამოუვლინდა. 

უკვე სამი კვირაა ეროვნული გვარდიის შენობაში კარანტინია და სამხედრო ნაწილში გარეთ არავის უშვებენ. საგანგებო ზომები აქ მას შემდეგ მიიღეს რაც დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს კოვიდ 19 დაუდასტურდათ. მთავარისთვის ცნობილი გახდა რომ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების შემდეგ ახალი კორონავირუსი სამ სამხედრო მოსამსახურეს დაუდასტურდა. 

მთავრისთვის ასევე ცნობილი ხდება რომ ეროვნული გვარდიიდან 40 მოსამსახურე გორის რაიონულ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მათგან სამს კოვიდ 19 უკვე დაუდასტურდა დანარჩენის პასუხებს ელოდებიან.

თავდაცვის სამინისტროში უარყოფენ ინფექციის გავრცელებას სამხედრო ნაწილებში. "ქრონიკა პლიუსის" რედაქტორი "მთავართან" საუბარში ამბობს, რომ ჯანმრთელი ჯარისკაცები ეროვნული გვარდიის შენობაში ისე გამოკეტეს რომ კოვიდ 19 ის გამოვლენის შემდეგ აქ დეზინფექციაც არ ჩატარებულა. 

ელისო კილაძე ინფორმაციას კიდევ ერთ სამხედრო კლასტერთან დაკავშირებით ავრცელებს. მისი ინფორმაციით, კოვიდ 19 დაუდგინდა საინჟინრო ბატალიონის 6 სამხედრო მოსამსახურეს. ისინი მარნეულის საველე ჰოსპიტალში მუშაობის დროს დაინფიცირდნენ. ცნობილი ხდება ისიც რომ ამ ფაქტს ბატალიონის ხელმძღვანელის ნავერიანის თანამდებობა შეეწირა და ის კადრების განყოფილებაში გადაიყვანეს. 

ამ ეტაპზე ორივე კლასტერის ინფიცირებულები უკვე გადაყვანილები არიან გორის სამხედრო ჰოსპიტალში. კოვიდ 19 ით დაინფიცირებულთა შორის მაღალჩინოსნებიც არიან.

ცნობილი ხდება ისიც რომ ერთ ერთ სამხედრო მოსამსახურეს ქრონიკული დაავადება აქვს და დიაბეტის გამო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია. ირაკლი ღარიბაშვილის უწყებაში კი ჯარში კოვიდ 19 ის აფეთქებას კატეგორიულად უარყოფენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი