დღეს, 14 მარტს, 13:00 საათზე ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, "რიონის ხეობის მცველები" ნამოხვან ჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას გამართავენ.

უკვე 141 დღეა, რაც მოსახლეობა ნამოხვანში ჰესების მშენებლობას აპროტესტებს. აქციის ორგანიზატორების თქმით, სამოქალაქო აქტივისტებთან და რიონის ხეობის მცველებთან ერთად პროტესტს გარემოს დამცველები და რიგითი უკმაყოფილო ადამიანებიც შეუერთდებიან.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით მათი მოთხოვნები უცვლელია, ისინი ნამოხვანის ჰესის მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ. გარდა ამისა, მას შემდეგ რაც ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა, მათთან შეხვედრის დროს "გაიპარა", აქტივისტების მოთხოვნებს თურნავას გადადგომაც დაემატა.

"ჩვენს მოთხოვნებს დაემატა ის, რომ უკვე ვითხოვთ გადადგეს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა ათასობით ადამიანს. ჩვენ ვიყავით შეხვედრაზე, რომელიც ჩანიშნული იყო, დღის წესრიგი გაწერილი იყო და თავად დაარღვიეს ეს დღის წესრიგი, როდესაც გაიპარნენ ამ შეხვედრიდან. ამ შეხვედრაზე უნდა გაცემულიყო ყველა შეკითხვაზე პასუხი, ეს იყო ჩვენი მიზანი და ამიტომ მივედით ამ შეხვედრაზე. მათი მხრიდან მოხდა შეხვედრის ჩაშლა. შესაბამისად, ამ ქმედებით უამრავ ადამიანს მოგვაყენა შეურაცხყოფა და ვითხოვთ, რომ გადადგეს. 

ვფიქრობთ, რომ მასშტაბური იქნება დღევანდელი აქცია. ჩემი ინფორმაციით, უამრავი ადამიანი შემოგვიერთდება საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან და ქალაქიდან", - ამბობს, "რიონის ხეობის მცველი", ვარლამ გოლეთიანი.

მისივე თქმით, აქციის დასრულების შემდეგ ჯგუფებს შექმნიან და ნამოხვანში გადაინაცვლებენ.

ცნობისთვის, 28 თებერვალს, ქუთაისში ნამახვანჰესის წინააღმდეგ მასშტაბური აქცია გაიმართა და  აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას და თურქულ კომპანია "ენკას" ორკვირიანი ვადა მისცეს და ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ სამშენებლო ტერიტორია უნდა დატოვოს. 

ამავე თემაზე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი