სუს-ის საიდუმლო ფაილები - ინტერვიუ პირთან, რომელიც სხვის ბინებში სათვალთვალო კამერებს აყენებდა

გამოქვეყნდა:

ინტერვიუ სუს-ის თანამშრომელთან, რომელიც დღეს უკვე ციხეშია. ივანე გულაშვილი - ადამიანი, რომლის მთავარი ფუნქციაც სუს-ში სხვის ბინებში შეღწევა და იქ ფარული სათვალთვალო კამერების დაყენება იყო. მას არ ეუბნებოდნენ, ვისი სახლის კარის გასახსნელად უშვებდნენ, თუმცა ზოგიერთი მათგანის ამოცნობა მან თვითონ შეძლო - მაგალითად, ინტერვიუში მან აღგვიწერა ანა დოლიძის სახლი: ფოტოებით მიხვდა, ვის სახლშიც იმყოფებოდა. ანა დოლიძე ადასტურებს, რომ აქ ნამდვილად მის ბინაზეა ლაპარაკი. 

კამერების დაყენება უკანონოდ ხდება და მთავარი მიზანი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვება და შემდეგ ადამიანების შანტაჟია. 

გულაშვილი ყვება იმასაც, თუ როგორ აკვირდებოდნენ 20 ივნისის აქციის მიმდინარეობას მის მიერ დამონტაჟებული კამერებით გახარია, მისი მოადგილე საბანაძე და გომელაური; და როგორ გაანადგურეს შემდეგ ეს მასალა - სავარაუდოდ იმიტომ, რომ კადრებში კარგად გამოჩნდებოდა, პოლიციელთა გადაცდომები აქციის დაშლის პროცესში. 

გულაშვილი ასევე ამბობს, რომ სწორედ მან დაამაგრა სათვალთვალო მოწყობილობა გიორგი რურუას მანქანაზეც. 

ინტერვიუში საუბარია სუს-ის სხვა საიდუმლო ოპერაციებზეც - როდესაც ივანე გულაშვილი მიხვდა, რომ ამ უკანონო საქმიანობის გაგრძელება აღარ უნდოდა და აღარ შეეძლო, გადაწყვიტა ჩვენთან მოსვლა და გვაჩვენა ის ფარული მასალაც, რომელიც თქვენ გუშინ TV პირველის ეთერში ნახეთ. ეს მოხდა 2019 წლის 24 ნოემბერს. მან გვაჩვენა მასალა, მოგვცა ინტერვიუ, მაგრამ ჰქონდა გარკვეული პირობები, რომლებიც ჩვენ უნდა დაგვეკმაყოფილებინა, ვინაიდან ეშინოდა, რომ თუ სუს-ი გაიგებდა მისი ჩვენთან მოსვლის შესახებ, მას მოკლავდნენ. 

თუმცა მას შემდეგ ივანე გულაშვილი აღარ გამოჩენილა და მას ვეღარც ჩვენც მივაკვლიეთ. მისი თანხმობის გარეშე ჩვენ მას საფრთხეს ვერ შევუქმნიდით, ამიტომ ჩაწერილი ინტერვიუ გადავდეთ არქივში.

ახლა აღმოჩნდა, რომ ჩვენთან სტუმრობის შემდეგ ის მალევე დაუკავებიათ - ბუნებრივია, საქმე გასაიდუმლოებულია და ადვოკატიც კი არ ამბობს, რა ბრალდებით ზის გულაშვილი ციხეში. თუმცა ჩვენთვის ცნობილია, რომ ის სახელმწიფო საიდუმლოების გაცემის მუხლით იმყოფება პატიმრობაში, მას 9 წელი მიუსაჯეს, თუმცა საპროცესო შეთანხმებით სასჯელი ორ წლამდე შეუმცირეს. 

მას შემდეგ, რაც TV პირველმა გაასაჯაროვა ფარული მასალაც და გამჟღავნდა ივანე გულაშვილის ვინაობა - მისი სახელიც და გარეგნობაც - ასევე ითქვა ისიც, რომ ის, მაღალი ალბათობით, სწორედ სუს-იდან მასალის გამოტანისთვის იხდის სასჯელს, "მთავარმა არხმა" გადაწყვიტა, გაჩვენოთ წელიწადნახევრის წინ ჩაწერილი და ამდენ ხანს საიდუმლოდ შენახული ინტერვიუ, რომელიც ფარდას ხდის სუს-ის დანაშაულებრივ საქმიანობას. 

ნახეთ, რას ეხაძის პროკურატურა და სასამართლო სახელმწიფოებრივ საიდუმლოებას - რისი გამჟღავნებისთვის ზის ციხეში ივანე გულაშვილი.

გიორგი გვიშიანის რეპორტაჟი: "სუს-ის საიდუმლო ფაილები"

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი