ვერ დავინახეთ დასაბუთება, რა საჭიროება იყო გადაადგილების შეზღუდვის - ლომჯარია ნამოხვანზე

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოფელ გუმათში, ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგებს შეხვდა. შეხვედრის დაწყებამდე ომბუდსმენმა განაცხადა, რომ პოლიციას გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის უფლება არ ჰქონდა და სახალხო დამცველის აპარატი ამ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძველს შეისწავლის.

"ჩვენ ვერ დავინახეთ დასაბუთება იმისა, თუ რა საჭიროება იყო გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის. მითუმეტეს, რომ არანაირი მინიშნება, მოწოდება ძალადობისა და ძალადობრივ ქმედებებთან არ ყოფილა. აუცილებლად შევისწავლით სამართლებრივ მხარეს, რა არგუმენტაცია აქვს პოლიციას", - თქვა ლომჯარიამ.

"რიონის ხეობის მცველების" თქმით, ხელისუფლება მათი პროტესტის ჩახშობას რეპრესიული მეთოდებით ცდილობს და პროტესტის მონაწილეებთან ერთად, გადაადგილების უფლებას ადგილობრივ მოსახლეობასაც უზღუდავს.

"ხელისუფლება აბსოლუტურად რეპრესიული მეთოდებით ცდილობს, რომ ჩაახშოს ჩვენი პროტესტი. ბლოკპოსტი აქვს გამართული და არავის გადაადგილების საშუალება არ ეძლევა. ჩემზე თქვეს პირადად შენ შეგიძლია გაჰყვე ომბუდსმენს კარვების მიმართულებით და სხვა აქტივისტებს გადაადგილების საშუალება არ აქვს. ასევე, გადაადგილება აკრძალული აქვს უბრალო მოსახლეობასაც, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ ჩვენს პროტესტთან. ყველას ჩხრეკენ, ყველა მანქანას აჩერებენ", - ამბობს ვარლამ გოლეთიანი.

ცნობისთვის, რიონის ხეობაში, ნამოხვანჰესის წინააღმდეგ 160 დღეზე მეტია, რაც მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს და ღამეს კარვებში ათევს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი