"მთავარი არხი" ქალთა უფლებებისთვის

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხი" გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების პირველი ხელმომწერი გახდა რეგიონში. თანამშრომლობა უკვე აქტიურ ფაზაში გადავიდა და შესაბამისად, არხის ჟურნალისტები სპეციალურ ტრეინინგებს გაივლიან როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. თავის მხრივ, ორგანიზაცია მონიტორინგს გაუწევს მთავარი არხის სხვადასხვა გადაცემაში ქალთა უფლებების დაცვის საკითხების გაშუქებას.

ამიერკავკასიაში პირველი მედია, რომელიც  გაეროს ქალთა პრინციპების ხელმომწერი გახდა - მთავარი არხია. ახლა ქვეყნის მთავარი ტელევიზიის პასუხისმგებლობა კიდევ უფრო გაიზარდა. 

ეს არის ძალიან საამაყო ფაქტი. აღმოსავლეთ ევროპაშიც კი მთავარი არხის გარდა მასმედიის მხოლოდ რამდენიმე საშუალებაა ამ პროგრამის ხელმომწერი. ძალიან ბევრი იდეა და გეგმა გვაქვს, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოში ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას და ზოგადად, ქალთა უფლებების დაცვას, - ამბობს "მთავარი არხის" დირექტორი თამთა მურადაშვილი.   

მთავარი არხის მარკეტინგისა და PR-ის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თეონა ჩემიას თქმით, ეს ძალიან სასიხარულო ფაქტია. 

ჩვენ გვაქვს ერთობლივი სტრატეგიები ქალთა გაძლიერების კუთხით, რასაც ეტაპობრივად და თანმიმდევრულად წარმოვაჩენთ ჩვენს არხზე სხვადასხვა გადაცემებში. ამას ყველაზე მკაფიოდ იგრძნობს ჩვენი მაყურებელი, - აცხადებს იგი

გაეროს  ქალთა  ორგანიზაცია "მთავარი არხის" გადაცემებში ქალთა  საკითხების ეთიკურად გაშუქებას დააკვირდება, გარდა ამისა, მუდმივად  გაუწევს მეთვალყურეობას, ხომ არ ირღვევა დასაქმებულ ქალთა უფლებები. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, მთავარი არხი სამაგალითო იქნება ყველა სხვა დანარჩენი მედიაორგანიზაციისთვის.

მთავარი არხი ამიერკავკასიაში პირველი ტელევიზიაა, რომელიც გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერია. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ ამ ფაქტით, რადგან მედიაორგანიზაციებს შეუძლიათ  გენდერული თანასაწორობის დაცვაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ. კარგად ვიცით, რომ მედია სერიოზული ძალაა. ჟურნალისტურ ნამუშევარს საზოგადოების შეხედულებაზე დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. მოხარულები ვართ, რომ მთავარმა არხმა ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა, - ამბობს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი ერიკა კვაპილოვა.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის ანა ფაშალიშვილის თქმით, "მთავარი არხი" არის პირველი ტელევიზია, რომელმაც ხელი მოაწერა ქალთა გაძლიერების პრინციპებს და ამით შემოუერთდა საქართველოში იმ 50 კომპანიას, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს. 

ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმოწერა არ არის მხოლოდ დეკლარაცია, ეს არის ღირებულებებზე შეთანხმება, ეს არის ღირებულებების გაზიარება და თანასწორობის, როგორც საერთოდ ღირებულების აღიარება, - აცხადებს ანა ფაშალიშვილი.    

საგანგებო მდგომარეობის ფონზე გასაკუთრებით მნიშვნელოვანია ყურადღების მიღმა არ დარჩეს  ქალთა მიმართ და ზოგადად  ოჯახში ძალადობის ფაქტები. მსგავსი შემთხვევები რომ გახშირებულია, ამას უფლებადამცველი ორგანიზაციებიც  ადასტურებენ, ამბობენ, რომ ასეთ ვითარებაში მედიის მხარდაჭერა  გადამწყვეტია. მთავარმა არხმა გაეროს ქალთა ორგანიზაციაში გაწევრიანებამდე სპეციალური ვიდეორგოლი გადაიღო, რომელიც ეთერში ყოველდღე  გადის.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი