ახალგაზრდა კაცს ენერგეტიკული სასმლის სისტემატიურად დალევის გამო გული გაუჩერდა

გამოქვეყნდა:

ახალგაზრდა კაცს, ორი წლის განმავლობაში ყოველდღე ოთხი ქილა ენერგეტიკული სასმლის დალევის გამო,
გულის უკმარისობა დაემართა.

ამ კვირაში, BMJ Case Reports-ში გამოქვეყნებულ რეპორტში, ლონდონის ჰოსპიტალის ექიმები ამბობენ, რომ პაციენტს ოთხი თვე სუნთქვის უკმარისობა აწუხებდა, დაწოლისას კი თითქმის ვერ სუნთქავდა. მან წონაშიც ზედმეტად ბევრი დაიკლო. სწორედ ამ სიმპტომების შემდეგ მოათავსეს ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. უფრო სიღრმისეულმა გამოკვლევებმა კი აჩვენა, რომ მას საჭმლის მომნელებელი სისტემის აშლილობა, კანკალი და გულის აჩქარება აწუხებდა, თუმცა, სამედიცინო დახმარებისთვის არ მიუმართავს.

პაციენტმა აღიარა, რომ მას დღეში 500 მილილიტრი ენერგეტიკული სასმლის დალევა უკვე ჩვევად ჰქონდა ქცეული. ის ამდენ სასმელს ორი წლის განმავლობაში იღებდა.

21 წლის მამაკაცი კონკრეტულ სამედიცინო კვლევაში ამ მავნე ჩვევის მიერ მიყენებულ ზარალზე საუბრობს. მისი თქმით, ის უნივერსიტეტიდანაც კი გამოვიდა, რადგან სწავლის დროს კონცენტრაცია შეუძლებელი იყო. ის ასევე აცხადებს, რომ სასმლის არმიღების შემთხვევაში, თავი აუტანლად სტკივდებოდა, რაც მასზე გადაჩვევას უფრო ართულებდა:

"საბოლოოდ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მომათავსეს. ეს გამოცდილება რამდენიმე მიზეზის გამო უკიდურესად ტრავმული იყო. პირველი: ხშირად ვბოდავდი და მეხსიერების პრობლემა იმ დონეზე მქონდა, რომ ვერ ვიხსენებდი, რატომ მოვხვდი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. მეორე: მუდმივად შეშინებული ვიყავი, რადგან მოძრაობა და ლაპარაკი არ შემეძლო, რამაც საბოლოოდ ინსომნიამდე მიმიყვანა. ხშირად დილამდე ვერ ვიძინებდი. და ბოლოს, იმედგაცრუებული ვიყავი, რადგან როდესაც რაღაცის თქმა მინდოდა, სიტყვების მოძებნა არ შემეძლო, რამაც დეპრესიამდე და შფოთვით აშლილობამდე მიმიყვანა".

ენერგეტიკული სასმლის ერთ ქილაში დაახლოებით 160 მილიგრამი კოფეინია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მამაკაცი დღეში მინიმუმ 640 მილიგრამ კოფეინს იღებდა. ამ ნივთიერების მიმართ ტოლერანტულობა რიგ მიზეზებზეა დამოკიდებული, მაგრამ ზოგადად მიჩნეულია, რომ ზრდასრულ და ჯანმრთელ ადამიანს დღეში 400 მილიგრამის (დღეში 4-5 ჭიქა ყავა) მიღება ნორმალურია.

კოფეინი სტიმულანტია, რომელიც გულის აქტიურობას ზრდის. რამდენიმე ჭიქა ყავა ან ენერგეტიკული სასმლის პერიოდულად მიღება დიდი ალბათობით არ გავნებთ, მაგრამ ყოველდღიურად მისი გადაჭარბებული მოხმარება კარდიომიოპათიასთანაა დაკავშირებული, რომლის დროსაც გულის კუნთები სუსტდება და ის სისხლის ტუმბვას ვეღარ ახერხებს.

პაციენტის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ თავდაპირველად გულისა და თირკმლის გადანერგვაზეც ფიქრობდნენ, თუმცა, საბედნიეროდ, მისი მდგომარეობა მედიკამენტური თერაპიის ხარჯზე გაუმჯობესდა და აღარ გახდა ტრანსპლანტაცია საჭირო. მას ენერგეტიკული სასმლის მიღება საერთოდ აუკრძალეს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი