„სპილოს ფეხი“ - ჩერნობილის მკვლელი ბირთვი და ყველაზე სულელურ-შემზარავი ფოტო

გამოქვეყნდა:

ეს ალბათ ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი, მიმზიდველი და, ამასთანავე, სულელური ფოტოა. თითქოს უხარისხო პოლაროიდით გადაღებულ ფოტოზე ჩერნობილის ბირთვული კატასტროფის ეპიცენტრია ასახული, რომელიც საათში 20 000 რენტგენ რადიაციას ასხივებს. მომაკვდინებელი დოზა კი 5 საათის განმავლობაში მიღებული 500 რენტგენია. აქედან გამომდინარე, რეაქტორის ყველაზე მწვავედ დაზიანებულ ნაწილებში მომუშავე პერსონალმა მომაკვდინებელი დოზა ერთ წუთზე ნაკლებ დროში მიიღო.

რადიოაქტიური ნივთიერებებისგან შემდგარი შენადნობი ერთ დროს ყველას დახოცავდა, ვინც მის სიახლოვეს მოხვდებოდა. მართალია, ათწლეულების შემდეგ მან ძალა დაკარგა, თუმცა, ის კვლავ გამოსცემს სითბოს და ბირთვული სადგურის ნანგრევებში რადიაციის სახიფათო დონეს ასხივებს.

სპილოს ფეხი კორიუმის მასაა, რომელიც ჩერნობილის ბირთვული კატასტროფისას რეაქტორში წარმოიქმნა. კორიუმს მეორენაირად „ლავის მსგავს საწვავის შემცველ მატერიას“ უწოდებენ და ის ატომური რეაქტორის ბირთვის გადნობისას წარმოიქმნება. კორიუმი შემადგენლობით ბუნებრივ ლავას ძალიან წააგავს, სწორედ ამიტომ აქვს მას მეორე სახელი. ეს წარმონაქმნი ერთ დროს ურანიუმისგან, გრაფიტისგან, ბეტონისა და ქვიშისგან შემდგარი გამდნარი და შემდეგ გაქვავებული კონცენტრატი იყო.

1986 წლის 26 აპრილს, უკრაინის პატარა ქალაქ პრიპიატთან ახლოს, რუტინული უსაფრთხოების შემოწმებისას ლენინის სახელობის VI ბირთვულ რეაქტორში სიმძლავრის უეცარი ზრდა შეინიშნა. შედეგად, ურანიუმის საწვავის ღეროები გადახურდა და დიდი რაოდენობით ორთქლი და წნევა წარმოიქმნა. რეაქტორში კოლოსალური აფეთქება მოხდა, რომელსაც მოკლე დროში მეორე აფეთქება მოჰყვა. რადიოაქტიური ნივთიერებები ატმოსფეროში მიმოიფანტა და რეაქტორის გამაგრილებელმა სითხემ დინება შეწყვიტა.

ამ პროცესებმა იმდენად დიდი რაოდენობის თერმული ენერგია გამოსცა, რომ რეაქტორის ბირთვი და მისი ბირთვული საწვავის ღეროები პირდაპირი გაგებით დადნა. ამ ჯოჯოხეთურმა მოვლენამ კი ლავას მსგავსი მატერია წარმოქმნა, ოღონდ, ლავასგან განსხვავებით, ეს მომაკვდინებელ რადიაციას ასხივებდა. როდესაც ისედაც ცუდი კატასტროფა უფრო გაუარესდა, ამ მკვლელმა ლავამ რეაქტორის ქვეშ არსებული ფოლადი და ბეტონი გახვრიტა და სარდაფამდე ჩააღწია, სადაც საბოლოოდ გაგრილდა და გაქვავდა.

კატასტროფიდან მალევე, გაგრილების პროცესში მყოფი კორიუმი საათში 10 000 რენტგენ მაიონიზირებელ რადიაციას ასხივებდა. ჟურნალ Nautilus-ის თანახმად, ეს წუთებში მიღებული მომაკვდინებელი დოზაა, რომელიც გულ-მკერდზე გადაღებულ რამდენიმე მილიონი რენტგენის ექვივალენტურია.

და ახლა მთავარი კითხვა ფოტოს შესახებ: რატომ დგას ეს კაცი სპილოს ფეხთან? ან როგორ მოხვდა აქ?

რადიოაქტიურ სპილოს ფეხთან მდგარი კაცი არტურ კორნეევია - ბირთვული რეაქტორის ყაზახი თანამშრომელი, რომელიც შავი იუმორით გამოირჩეოდა. ის კატასტროფის შემდეგ ჩერნობილში ერთ-ერთი პირველი ჩავიდა. სხვა თანამშრომლებთან ერთად, მას „გაქცეული“ საწვავის პოვნა და ჩერნობილის სიღრმეებში რადიაციის დონის გაზომვა დაავალეს. 

ჩვენ პიონერები ვიყავით. ყოველთვის ფრონტის წინა ხაზზე ვიყავით, - განაცხადა 65 წლის კორნეევმა NYT-თან ინტერვიუში 2014 წელს.

ფოტო 1996 წელს, კატასტროფიდან 10 წლის შემდეგ გადაიღეს. ამ დროს სპილოს ფეხი თავდაპირველი რადიაციის მხოლოდ 10%-ს ასხივებდა. ამის მიუხედავადაც, რადიაციიის ამ დონესთან მინიმუმ 5 წუთიანი ექსპოზიცია ადამიანებში მწვავე რადიაციულ ავადმყოფობას მაინც იწვევს. თუმცა, რადიაციის სწრაფი გაზომვა და სპილოს ფეხთან ერთი ფოტოსთვის კამერის დაჩხაკუნება იმდენ დროს არ წაიღებდა, რომ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოეწვია.

როგორც ფოტოზე ჩანს, სპილოს ფეხის ფოტო ხმაურიანია და დამახინჯებულია. ეს კამერის უხარისხობის გამო არ არის და არც ინსტაგრამის ფილტრი ადევს - ეს ყველაფერი რადიაციამ დამართა ფირს, რომელიც მოგვიანებით გაამჟღავნეს.

საოცარია, მაგრამ კორნეევი კვლავ ცოცხალია, მაგრამ მას ალბათ კატარაქტა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები აწუხებს, რადგან ის ხშირად „სტუმრობდა“ მძიმე რადიაციულ ჩერნობილს.

საბჭოთა რადიაცია მსოფლიოში საუკეთესო რადიაციაა - იხუმრა კორნეევმა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი