იარაღი დიპლომატის ჩანთაში - ლიეტუვაში, საქართველოს ყოფილი ელჩის წინააღმდეგ საქმე აღძრეს

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხისთვის" ცნობილი გახდა უპრეცედენტო დიპლომატიური სკანდალის შესახებ. ირკვევა, რომ 2 წლის წინ, როცა ლიეტუვაში საქართველოს ელჩი თავის მისიას ასრულებდა და ვილნიუსიდან კიევში მიემგზავრებოდა, ის პირდაპირ აეროპორტში გააჩერეს და დასაკითხად გადაიყვანეს. მიზეზი კი ელჩის ბარგში აღმოჩენილი 2 ცეცხლსასროლი იარაღი გახდა. შედგა ოქმი, რომლის მიხედვით ელჩის მიმართ 2 ბრალდება გამოითქვა - იარაღის და საბრძოლო მასალის შენახვა და კონტრაბანდის მცდელობა. 

2019 წლის 9 აპრილს ვილნიუსი-კიევის რეისის მგზავრებს შორის იყო, იმ დროისთვის ლიეტუვაში საქართველოს ჯერ კიდევ მოქმედი ელჩი ხათუნა სალუქვაძე. ბარგის შემოწმებისას, ავიაციის უსაფრთხოების პოსტის თანამშრომლებმა ელჩის და მისი მეუღლის ჩანთიდან 2 ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. ქართველი დიპლომატის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო.

ხათუნა სალუქვაძე ლიეტუვაში დიპლომატიური მისიის დასრულების შემდეგ ოჯახთან ერთად საქართველოში იმყოფება. "შაბათის მთავარი" დიპლომატს 3 დღის განმავლობაში ეძებდა, მიაკითხა დეკლარაციაში ასახულ საცხოვრებელ მისამართზე, მისწერა მოკლე ტექსტური შეტყობინება. ბოლოს, ყოფილი დიპლომატი სატელეფონო ზარით დაგვპირდა, რომ ლიეტუვაში მის წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეზე მეტ დეტალს მოგვიყვებოდა. დაპირების მიუხედავად სალუქვაძესთან დათქმული შეხვედრა ვერ შედგა. ელჩმა ინტერვიუზე უარი თქვა.

"ოცნების" ყოფილი ელჩის გარშემო სკანდალი ამით არ სრულდება. დიპლომატიური მისიის დროს ხათუნა სალუქვაძეს ლიეტუვას სასამართლომ ბინის ქირის დავალიანების გადახდა დააკისრა. დიპლომატს ბინის მეპატრონემ უჩივლა,რადგან მისი მტკიცებით სალუქვაძემ კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ ბინა არ დაცალა და კიდევ რამდენიმე თვე ცხოვრობდა. საცხოვრებელი ქირის ვალის გარდა ირკვევა,რომ ელჩი პირადი მიზნებისთვის ბიუჯეტიდან ფულსაც ითხოვდა.

 

თათია წოწონავას რეპორტაჟი - "იარაღი დიპლომატის ჩანთაში"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი