პოლიციის მაღალჩინოსანი გაჩერებულ მანქანას შეეჯახა... კაცი ადგილზე გარდაიცვალა - დამნაშავე ამ დრომდე დაუსჯელია

გამოქვეყნდა:

მსხვერპლით დასრულებული ავტოავარია, რომლის გამოძიებაშიც ბრალდებული არ არსებობს - ავტობანზე მომუშავე, ადგილზე გაჩერებული მუშების მანქანას საპირისპირო მხარეს გადასული ავტომობილი დაეჯახა და ერთ-ერთი მუშა ადგილზევე მოკლა. 

დიდი ფიქრი არ სჭირდება, რომ მთავარ ეჭვმიტანილად მოძრაობის საპირისპირო მხარეს გადასული, გაჩერებულ მანქანაზე მიჯახებული და ადამიანის სიკვდილის გამომწვევი ავტომობილის მძღოლი აღიარო. მაგრამ აქ ასე არ არის... 

იმიტომ რომ ამ ავტომობილის მძღოლი პოლიციის მაღალჩინოსანი აღმოჩნდა და საქმეში მას არათუ ბრალდებულის, არამედ მხოლოდ მოწმის სტატუსი აქვს, თითქოს, ის ამ ავარიის მხოლოდ ისეთივე თვითმხილველი ყოფილიყო, როგორც ცოცხლად გადარჩენილი მუშები ან გამვლელები. 

არა! ეს პიროვნება, სახელად ანტონ დოლიძე, იჯდა იმ ავტომობილის საჭესთან, რომელიც გაჩერებულ ადამიანებს დაეჯახა და ამ ავარიის შედეგად ერთ-ერთი მოკვდა!

მას ალკოტესტი საათების დაგვიანებით ჩაუტარეს, არადა სხვა მოწმეებს ეჭვი აქვთ, რომ ის ნასვამი იყო; ექსპერტიზა ამ საქმეზე საერთოდ არ ჩატარებულა; გამოძიების დასრულებამდე ანტონ დოლიძე თანამდებობიდან მაინც უნდა გადამდგარიყო; მაგრამ, როგორც ჩანს, ამ გამოძიების დასრულებას სულაც არ ჩქარობენ, ან საერთოდაც არ აპირებენ.

დაღუპულის ახლობლებს გამოთქვამენ საფუძვლიან ეჭვს, რომ პოლიციის მაღალჩინოსნის ოჯახს ნათესაური კავშირი აქვს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან და სწორედ ამით არის განპირობებული მისი ხელშეუხებლობა. 

ანტონ დოლიძე კი ავარიაში დაზიანებული იმ ძვირადღირებული სამსახურებრივი ავტომობილის ნაცვლად, რომლითაც, დიდი ალბათობით, ადამიანი იმსხვერპლა, ისევ ახალთახალი, იგივენაირი ძვირადღირებული ავტომობილით დადის სამსახურის ხარჯზე - აბა, დაზიანებული მანქანით ხომ არ ივლის ამხელა მნიშვნელობის კაცი... მერე რა მოხდა, თუ მან, შემთხვევით, შესაძლოა, ერთი რიგითი მუშა მოკლა.

 

დათო აბრამიშვილის სიუჟეტი: "ფატალური ავარია და დაუსჯელი დამნაშავე"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი